LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაიწერება თუ არა კონსტიტუციაში ოჯახის განმარტება?

261

ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციურად დარეგულირების აუცილებლობას ვერ ვხედავ, ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება იქნება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების შანტაჟს აყოლა და პოპულისტური ნაბიჯი. მენაბდეს აზრით, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებზე ნდობის მაღალი მანდატი მიიღო და მსგავსი ნაბიჯების გადადგმა არ სჭირდება.

შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება, შესაძლოა, მმართველმა გუნდმა იმ შემთხვევაში განახორციელოს, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. გარდა ამისა, საუბარია საარჩევნო სისტემის შეცვლაზე. კერძოდ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე.

კონსტიტუციონალისტი ამ მოსალოდნელ ცვლილებას დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ მაჟორიტარული სისტემის იმ ფორმით არსებობა, როგორითაც დღეს არის, სრულიად ამახინჯებს რელობას.

კიდევ ერთი ცვლილება, რომლის განხორციელებასაც “ქართული ოცნება” გეგმავს, პრეზიდენტის არჩევის წესია. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის მმართველი არა ხალხმა, არამედ პარლამენტმა აირჩიოს. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესი ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა მისი განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში, გასათვალისწინებელია არსებული პოლიტიკური რეალობა.

“ჩვენ უნდა გავითვალისიწინოთ ჩვენი რეალობა, ჩვენი გამოწვევები, რაც არის ძალაუფლების კონსოლიდაციის საფრთხე, რაც აჩვენა ბოლო არჩევნებმა. რაც უფრო ნაკლებ ძალაუფლებას მივცემთ საპარლამენტო უმრავლესობას, მით უფრო მეტად მოიგებს დემოკრატიული პროცესები. ამიტომ ვფიქრობ, პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს” – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

რაც ეხება კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას გულისხმობს, კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე, ამ მოსალოდნელ ცვლილებას პოზიტიურად აფასებს და ფიქრობს, რომ ამით პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი გაუმჯობესდება.

magti 5g