ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა: ფული ჩემი, საქმე შენი და აბა წამოვწიოთ აქაურობა, თავადაც მოყვარულია ბუნების და იცით რამდენ ხეებს რგავს, – ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა განაცხადა. სოსო ტყემალაძემ გადაცემაში „რედაქტ2“ ვრცლად ისაუბრა კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე.
მისი თქმით, ასეთი ბიზნესპროექტი სახელმწიფოსთვის ბევრი არ არის. სოსო ტყემალაძის ინფორმაციით, კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო ბიზნესი ჯამში 1.3 მილიარდ ლარს ხარჯავენ.
„აბასთუმანში ახლა იდება 1.3 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 350 მილიონი ლარი არის ის, რასაც სახელმწიფო ხარჯავს. ესაა გზა, წყალი, გამწმენდი და ასე შემდეგ. დანარჩენ მილიარდს – ხარჯავს კერძო სექტორი, ესაა ბატონი ბიძინას „პარაგრაფი”, ესაა „რუმსი“, ხარებავების პროექტი, პაპაშვილების პროექტი, რომლებიც მძლავრ ინვესტიციას აკეთებენ, როგორც აბანოში, ასევე სასტუმროებში და ჯამში, პატარა სასტუმროებიანად, კურორტი გათვლილია 5,500 ადამიანზე ერთდროულად“, – განაცხადა სოსო ტყემალაძემ BMGTV-ის ეთერში.
მისივე ინფორმაციით, კურორტი სრულად 2024 წელს გაიხსნება. „2023-ში სამი სასტუმრო – რუმსი, პარაგრაფი უკვე იქნება, 2024-დან უკვე გადავკეტავთ და მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებს“, – დასძინა პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა გადაცემაში „რედაქტ2“.