LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ ჩამყაყებულ სინამდვილეში ყველაზე წარმატებული ორი ინსტიტუცია გააუქმეს!დავითის საფლავი მეოთხედ ამოთხარეს!”

1456
ciraaa

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი ხელისუფლებაში კულტურის მესვეურებს მიმართავს და პასუხს სთხოვს იმის შესახებ, თუ რატომ გაუქმდა მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი, რომლებსაც ქართული კულტურისთვის ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

“ამ სტატუსის წერა რამდენჯერმე ვცადე და წავშალე. ვერ შევძელი!პირდაპირ ვამბობ, რომ მოკლედ ვერ ვიტყვი!

1911 წელს გარდაიცვალა დავით სარაჯიშვილი, მაგრამ დავითის კეთილი საქმეები გააგრძელა მისმა მეუღლემ.

1916-ში გარდაიცვალა ეკატერინე ფორაქიშვილი, თუმცა მშველელად აკაკი ხოშტარია გამოჩნდა.

1921 წელს ბოლშევიკები მოდიან და “მწერალთა კავშირის” არსებობის პირობებში ამ სახლში ხდება ტრაგედიები, პაოლოდან დაწყებული ეროვნულ საქმეში “მხილებული” ადამიანების კავშირიდან გარიცხვებით დამთავრებული!

ერთიც უნდა ითქვას, რაზეც დღემდე საუბარს თავს ვარიდებდით! სწორედ “მწერალთა კავშირის” არსებობის პირობებში გაიძარცვა მაჩაბლის 13! დაიკარგა დავითისეული ნივთები, ავეჯი…!

1921 წლიდან 2011 წლამდე, 90 წლის მანძილზე ამ სახლმა დაკარგა პირველადი ფუნქცია. ის აღარ იყო ხელოვნების, განათლების, ეროვნული წამოწყებების მხარდამჭერი ადგილი. მაჩაბლის 13 იქცა ერთი ორგანიზაციის ოფისად!

კარგად გვახსოვს მარტივ მამრავლებად დაშლილი კავშირის ბრძოლა ოფისისათვის..

და, სწორედ ასეთ რთულ პერიოდში, 2011-ში მაჩაბლის 13-ში დირექტორად ინიშნება Natasha Lomouri (როგორ დათანხმდა დღესაც არ ვიცი)

მე მახსოვს, ეს გოგო სამშენებლო მტვერში ამოგანგლული!

მახსოვს, როგორ აგროვებდა ინფორმაციას სარაჯიშვილის ნივთებთან დაკავშირებით. ნივთების გამოსასყიდლად როგორ თხოვდა დახმარებას ბიზნესის წარმომადგენლებს.. საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე, როგორ ახერხებდა რესტავრაციისთვის საჭირო თანხის შოვნას!

მახსოვს, როგორ გახადა მაჩაბლის 13 ისევ განათლების, ხელოვნების, ნიჭიერი ადამიანების შეხვედრის ადგილად!

ნატას და მისი გუნდის დამსახურების შედეგად იცის ახალგაზრდა თაობამ და რაც მთავარია ბავშვებმა (რომლებსაც ყოველ კვირა ელოდნენ) სად არის მწერალთა სახლი.. 365 დღე, ერთი წლით ადრე გაწერილი ღონისძიებები…

ნატას პერიოდში ამ სახლმა დაიბრუნა დავითისეული ფუნქცია!

მწერალთა სახლი გაუქმდა!!!!

ამ ჩამყაყებულ სინამდვილეში ყველაზე წარმატებული 2 ინსტიტუცია მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი გააუქმეს!

ვინ ხართ! საიდან მოხვედით!

როგორ იღებთ ასეთ გადაწყვეტილებას! ჩვენ, საზოგადოებას რატომ არ გვეკითხებით?!

ან, ის ადამიანები, რომლებიც ამ გაუქმებული ინსტიტუციების ხელმძღვანელებად მოდიხართ, როგორ თანხმდებით…..

მადლობა მაინც გეთქვათ ამ ტიტანური შრომისთვის და ასე დაფასებული გაგეშვათ ეს ხალხი.

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ერთხელ უკვე 1921 წელს მიიღეს!არ ვაჭარბებ, ამ გადაწყვეტილებით 108 წლის წინ გარდაცვლილი დავითის საფლავი მეოთხედ ამოთხარეს!

ასე, არ გამოვა!!განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არ აქვს მნიშვნელობა სად შევხვდებით, ქუჩაში, სასამართლოში, თუ სამინისტროში!

ყველა გზა მაინც მაჩაბლის 13-ში მიდის!”- წერს ცირა ელისაშვილი

შეგახსენებთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით,“უწყების დაქვემდებარებაში მყოფი მცირე დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის დაწესებულებებს შეუერთნენ და ერთ ორგანიზაციად გაერთიანდნენ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g