LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები კი დაფრინავდა…“ – ჭავჭავაძეზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს, პატიმრობა შეეფარდა

512
სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილებით, ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომაზე პროკურატურა ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

სხდომაზე პროკურორი გია შაიშმელაშვილი განმარტავდა, რომ გელა უძილაურმა 14-ჯერ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის გია ჩადუნელის მიმართ.

შაიშმელაშვილის თქმით, ბრალდებული უკვე მიიმალა, მას შემდეგ, რაც მან დანაშაული ჩაიდინა, მისი სასამართლოში წარმოდგენა კი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი.

რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, პროკურორის თქმით, მას შემდეგ რაც უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან კონკრეტული პირების მიმართ გასროლა განახორციელა, მან ცეცხლსასროლი იარაღი წაიღო, გადამალა, შეიძლება გაანადგურა კიდეც, რადგან ამ ეტაპისთვის პროკურატურისთვის დანაშაულის ჩადენის იარაღი მიუწვდომელია.

შაიშმელაშვილის თქმით, უძილაურს რეგისტრირებული აქვს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი იარაღი ბრალდების მხარის მხრიდან ამოღებულია ბევრ ვაზნასთან ერთად, მეორე იარაღი კი, ამ დრომდე ამოღებული არ არის. რაც შეეხება, მოწმეებზე ზემოქმედების ნაწილს, როგორც შაიშმელაშვილი აღნიშნავდა, უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები კი დაფრინავდა.

შაიშმელაშვილის თქმით, უძილაური წარსულში ძალადობრივი ქმედებისთვისაა ნასამართლევი და მის მიმართ პირობითი მსჯავრი იყო გამოყენებული.

პროკურორის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუ რატიმ ჩაიდინა ეს, ამის დასადგენად და გასაგებად ძალისხმევას არ დაიშურებენ, თუმცა, მისი თავისუფლებაში ყოფნა საგამოძიებო მოქმედებებში ხელს შეუშლის.

დაცვის მხარე აღნიშნულს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ უძილაურის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული. ადვოკატის თქმით, მიმალვის ნაწილში პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის, ვინაიდან უძილაურმა ყველა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ნებაყოფლობით მიიღო.

ცნობისთვის, აღნიშნული შემთხვევა 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g