LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩაყარე“ – პრაქტიკული და ფერადი ჩანთები ყველასთვის

659
ჩაყარე

თავისუფლება, კომფორტი და ინდივიდუალურობა ერთ ნივთში – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ქართველი ახალგაზრდა სტარტაპერების მიერ შექმნილი ჩანთები, რომლებსაც თანაბარი წარმატებით ატარებენ გოგოებიც და ბიჭებიც. „ჩაყარე“ ჩანთებს ქმნის მათთვის, ვინც ჩარჩოებს არ ეძებს.

ლიკუნა გველესიანი, ჩანთების მწარმოებელი სტარტაპის „ჩაყარე“ დამფუძნებელი:

– „ჩაყარეს“ შექმნის იდეა მოულოდნელად დაიბადა. ერთ დღეს მე და ჩემმა მეგობარმა სალომე სოფრომაძემ უბრალოდ „რამის დაწყება” გადავწყვიტეთ. იმ ფინანსების გათვალისწინებით, რის საქმეში ჩადებასაც ვგეგმავდით, ჩავთვალეთ, რომ ჩანთების კერვა შედარებით ბიუჯეტური იქნებოდა (მიუხედავად იმისა, რომ იქამდე არავითარი პრაქტიკა არ გვქონია). სახელი მარტივად შევარჩიეთ – გარდა იმისა, რომ შევთანხმდით, რომ სტარტაპის სახელწოდება თემატური და აუცილებლად ქართული ყოფილიყო, რადგან ქართული წამოწყება იყო, მინდოდა, ის ისევე ადვილად დაემახსოვრებინათ, როგორც სტიკერების სტარტაპის სახელწოდება „მიაკარი“, რომელსაც მანამდე ვხელმძღვანელობდი. შესაბამისად, ბევრი მსჯელობის გარეშე გადაწყდა „ჩაყარე”.

„ჩაყარე“ 2019 წელს დავაფუძნეთ, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ჩემს მეგობარს, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ამ საქმიდან გასვლა მოუწია და ამ ეტაპზე, დიზაინით დაწყებული საკურიერო მომსახურებით დამთავრებული, ყველაფერს მარტო ვაკეთებ.

„ჩაყარე“ აწარმოებს ჩანთებს და სამგზავრო ქისებს. ნაჭრის შერჩევა ყველაზე საინტერესო პროცესია, ვცდილობ, შევარჩიო იმ დროისთვის ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი ფერი.

„ჩაყარეს“ ჩანთების უმეტესობა უნისექსია, გათვლილია როგორც ბიჭებზე, ასევე გოგონებზე, რაც გვხდის გამორჩეულს ქართულ ბაზარზე. ჩანთების სხვა მწარმოებლებისგან გამოგვარჩევს სისადავეც, ინდივიდუალური და ქართული დეტალები და პრაქტიკულობა, რაც სახელს ამართლებს.

„ჩაყარეს“ ჩანთები, ძირითადად, ონლაინ იყიდება, თუმცა, საბედნიეროდ, გაიხსნა ბევრი მაღაზია, სადაც ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი პატარა კუთხე და საკუთარი ნაწარმი ქართველ, თუ უცხოელ მომხმარებლებს წარუდგინონ. ერთ-ერთ ასეთ მაღაზიასთან ჩვენც ვთანამშრომლობთ. რაც შეეხება „ჩაყარეს“ საფასო პოლიტიკას, ვცდილობ, ჩვენი ჩანთები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ ფასები 25-დან 60 ლარამდე მერყეობს. ხშირად გვაქვს სეზონური და სადღესასწაულო ფასდაკლებებიც.

მომხმარებელთა მოსაზიდად აქტიურად ვმონაწილეობთ ქართველ მეწარმეთა გამოფენებში. ასეთი ღონისძიების ფარგლებში საშუალება გაქვს, მომხმარებელს ფიზიკურად წარუდგინო შენი პროდუქცია, ადგილზე უჩვენო მისი ხარისხი. იქიდან გამომდინარე, რომ გამოფენები უმეტესად ტურისტულ ადგილებში ტარდება, ეს გვეხმარება მარტივად გავცდეთ ქვეყნის საზღვრებს.

მომხმარებლის უკუკავშირი, ძირითადად, დადებითია. ხშირად გვწერენ, რომ ჩვენი ჩანთები არის გამძლე, არ გადასდის ფერი, არის ტევადი და მოლოდინს რომ ჭარბებს, ისეთი. უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ მოდელის დამზადების დრომ, რომელიც 1 კვირამდე მერყეობს.

„ჩაყარესთან“ დაკავშირებული სამომავლო გეგმა არაერთი მაქვს. თუკი აქამდე მას მხოლოდ ჰობის დონეზე ვუყურებდი, ახლა, რაც სამსახურიდან წამოვედი, დროის უმეტეს ნაწილს ამ საქმეს ვუთმობ და აქტიურად ვარ ჩართული ბრენდის განვითარებაში. გეგმაში მაქვს რამდენიმე ხაზის წარმოება. ერთი-ერთი დედების ხაზი იქნება, რომელსაც მომხმარებელს მიმდინარე წლის სექტემბრიდან შევთავაზებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები