„ჩემი ცოლის დაქალებს“ სახელგანთქმულ კაფეში „ნელიკოსთან“ ვეწვიეთ, მორიგ გადაღებამდე და მსახიობებს საახალწლო ტრადიციების შესახებ დავუსვით შეკითხვები…
ეკა დემეტრაძე:
ძალიან მიყვარს ახალი წელი, ბავშვობიდან ტრადიციები არ მომყვება, მაგრამ მე და ჩემმა მეგობრებმა დავამკვიდრეთ ტრადიცია ამ ბოლო დროს, ვინც ერთად ვხვდებით ამ დღესასწაულს: ვდებთ პირობას, ვინ რას გააკეთებს, ერთმანეთთან გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ აუცილებლად უნდა შევასრულოთ დადებული პირობა და ამას მართლაც ვაკეთებთ. ზოგი სურვილსაც ჩაუთქვამს. მე წინა წელს რაც ჩავიფიქრე, ამისრულდა.
არ მახსოვს, როდის გავიგე, რომ სანტა არ არსებობდა, 90-იანებში გავიზარდეთ (იცინის). მთელი ბავშვობა ვიყავი დარწმუნებული, რომ თოვლის ბაბუა კი არსებობდა, მაგრამ ჩვენთან არ ჩამოდიოდა, საქართველოში (იღიმის).
ერთად იკრიბებით ხოლმე სერიალის გმირები საახალწლოდ?
ისეთი გრაფიკი გვაქვს, განსაკუთრებით – წინასაახალწლოდ, რომ ერთი სული გვაქვს, როდის მოვრჩებით და გავიქცევით ჩვენს ოჯახებში, მეგობრებთან, რომლებიც „მიგდებული“ გვყავს მთელი წელი და ვერ ვნახულობთ, ამიტომ სულ გაქცევაზე ვართ საახალწლოდ…
ნატა ბერეჟიანი:
ვერაფერს ოპტიმისტურს ვერ გეტყვით ახალ წელთან დაკავშირებით, ეს დღესასწაული ისე რა მიყვარს, თითქოს სულ რაღაც განსაკუთრებულს ელოდები და არაფერი ხდება. შესაძლოა, დღეს ვარ ასეთ სევდიან განწყობაზე.
თოვლის ბაბუის არასდროს მჯეროდა, ძალიან მცირე ასაკიდან ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა. ჩემს კლასელებსაც ვუთხარი, გატყუებენ-მეთქი, დედაჩემს დაურეკა ჩემი კლასელის ბებიამ და უთხრა, თქვენს შვილს თუ ბავშვობა არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს შვილიშვილსაც უნდა წაართვათო (იცინის).
პატარაობიდან მიწაზე მყარად ვიდექი. ზღაპრულ სამყაროში არ მიცხოვრია. რაც შვილი გამიჩნდა, მეტად შემიყვარდა ახალი წელი, რადგან ეს დღესასწაული მას მოსწონს. ტრადიცია კი ისაა, რომ ვხვდები შინ, ბავშვთან, ოჯახთან ერთად.
მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ვილაპარაკე, ახლა გამახსენდა, რომ შარშან ხმამაღლა ვთქვი და ძალიან მოვინდომე, რომ ჩემი სამეგობროსთვის კარგი წელიწადი ყოფილიყო და ეს სურვილი ამიხდა, ვიღაცები დააწინაურეს, ვიღაცებმა ოჯახი შექმნეს, აშენდნენ და აყვავდნენ, ამიტომაც წელსაც იმავე მონდომებით უნდა ჩავიფიქრო ეს სურვილი…
სალომე შარვაძე:
მე ბავშვობაში არ მქონია განსაკუთრებული მოლოდინი ახალი წლის მიმართ, ბევრ სპექტაკლზე დავდიოდი და იქ ვხედავდი, როგორ იღებდნენ თოვლის ბაბუები ფოტოებს ბავშვებთან ერთად. ახლა უფრო მიხარია ახალი წლის დადგომა. ვხვდები შინ, ოჯახთან ერთად და ყოველი შემთხვევისთვის სურვილსაც ჩავუთქვამ ხოლმე.
რაც შეეხება მეკვლეს, ამოვიჩემე ჩემი ბიძაშვილის ბავშვი და ვიბარებ, რომ მოვიდეს, რადგან მგონი, კარგი ფეხი აქვს. დიდად არ მჯერა, მაგრამ მაინც ასე ვაკეთებ.
საახალწლოდ რაიმეს ამზადებ?
საცივის გარდა ყველაფერს ვამზადებ.
თინა მახარაძე:
ყველაზე მეტად მიყვარს ახალი წელი და მისი ჯადოსნურობის სულ მჯეროდა, ყველაზე დიდი მოლოდინი უკავშირდებოდა ახალ წელს. მერე თანდათან მივხვდი, რომ აქ ახალი წელი არაფერ შუაშია, მთავარია ადამიანის მონდომება და უნარები, თუმცა ამ დღესასწაულისადმი სიყვარული მაინც დამრჩა…
რაც არის ის, რაც მოგწონს და არ მოგწონს ახალი წლის ქართულ ტრადიციებში?
არ მომწონს, რომ დასვენება გრძელდება ორი კვირა, საქმის კეთება მინდა, მაგრამ ვერ ვაკეთებ, რადგან არაფერი ფუნქციონირებს. არ მომწონს თოფისა და ასაფეთქებლების სროლა. არ მომწონს გაუთავებელი ღრეობა და საცივში თავის ჩაყოფა.
მომწონს ის შეგრძნება, რომ ახალი წლიდან ყველაფერი უკეთ იქნება, ადამიანებს ამისი სჯერათ. თუ ვინმესთვის ახალი წელი მხოლოდ შემწვარი გოჭი და მანდარინია, მეეჭვება, მათ ცხოვრებაში რაიმე შეიცვალოს.
მეკვლე თუ ხარ?
ესეც რწმენაა, ადამიანები რაღაცებზე ამყარებენ იმედებს. შესაძლოა, ცრურწმენაა, მაგრამ ხელოვნურად იქმნი წინაპირობებს იმისთვის, რომ მომდევნო წელიწადი უკეთესი იყოს… თუ რწმენა დიდია, უფრო იმუშავებს ასეთი რაღაცები…
საუკეთესო ახალი წელი რომელი იყო შენთვის?
ზოგადად, ერთნაირად კარგია, მაგრამ გავიხსენებდი მამასთან ერთად გატარებულ ყველა ახალ წელს…
ანი ტყებუჩავა:
მას მერე, რაც შვილი გამიჩნდა და ასევე მას მერეც, რაც იანვარშიც გადის „რუსთავი 2“-ზე „ჩემი ცოლის დაქალები“, ჩემს ოჯახში ნაყიდი გოზინაყი შემოვიდა (იცინის). მერე მივხვდი, რომ თუკი დრო არ გაქვს და გემოს ვერ ჩააყოლებ, ჯობს, წახვიდე და იყიდო. მახსოვს, წინა წელს 30 დეკემბერს ისე გვიანობამდე ვიმუშავეთ, რომ 31 დეკემბერს დღის სამ საათზე გავიღვიძე და საჩუქრების საყიდლად წასვლა ძლივს მოვასწარი.
ახლა, მართალი რომ გითხრა, უფრო მომწონს ახალი წელი, დამკვიდრდა საახალწლო საჩუქრების ტრადიცია, ველოდები, ქმარი რას მაჩუქებს, მე რას ავურჩევ, ნენეს გახარებაც გვინდა. 31 დეკემბერს მინდა ნაძვის ხის მორთვა, რომ გაამძაფროს მოლოდინი, შესაძლოა, უფრო ადრეც მოვრთო, რათა ნენეს გაუხარდეს. რომ არ გატყდეს, ისეთი სათამაშოები ვიყიდე, რადგან ნენე წლისა და რვა თვისაა.
კარგი წელი გქონდა?
წინსვლის, ოცნებების ახდენის წელი მქონდა. საჭესთან დავჯექი, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მომივიდა ავარია. რაღაცები შევძელი, რაღაცები – ვერა, მაგრამ იმედია, შემდეგ წელს შეიცვლება და მოვახერხებ. ჩამოვყალიბდები რა მეოცნებება შემდეგი წლისთვის. ჩავიფიქრებ ხოლმე და მერე მავიწყდება ჩემი სურვილები, მაგრამ მაინც მიხდება მგონი – მყავს ქმარი, შვილი და კარიერა… გაზაფხულზე საინტერესო პროექტს ველოდები და მინდა, მაყურებელმა სხვა მხრივაც გამიცნოს, მინდა, ბოროტი პერსონაჟი ვითამაშო. ისე, ახლაც წერენ ნინაზე, საშინელი ქალიაო (იღიმის). გულდასაწყვეტი აღმოჩენა იყო, რომ ქალებმა ნინა ძალიან გააკრიტიკეს იმის გამო, რომ რომანტიკის მოწყობა უნდოდა… ვფიქრობ, ქალურობის შესანარჩუნებლად ბრძოლა ყოველთვის საჭიროა.
ფოტოგრაფი: დათუნა აგასი
გადაღების ადგილი: „ნელიკოსთან“
ნინო მურღულია