„ჩემი გვარის 20% ოკუპირებულია“ – ამ დასახელებით საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა კამპანია წამოიწყეს. მათი თქმით, ეს გვარის დაბრუნების კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები გუშინ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში შეიკრიბნენ და პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილების დასარეგისტრირებლად ხელმოწერებს აგროვებდნენ.
საკანონმდებლო ცვლილების დასარეგისტრირებლად საჭიროა 25 000 ხელმოწერა. იმისათვის, რომ ყველამ, ვისაც ამის სურვილი ექნება, გვარის რუსული დაბოლოება თავისი ძველი, ავთენტური აზერბაიჯანული გვარით შეცვალოს.
მაგალითად: მამედოვი გახდეს ისევ მამედლი.
სადიკოვი – სადიკ.
კასიმოვი – კასიმოღლუ.
ისმაილოვი – ისმაილ.
ალიევი – ალისოი და ა.შ.
ხელმოწერების შეგროვებამდე ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა გვარები სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გადაიკეთეს – რუსული დაბოლოებები აზერბაიჯანულით შეცვალეს, რის შემდეგაც დაიწყო კამპანია „გვარი დამიბრუნე.“