LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე ლევან იოსელიანის შეფასებისგან თავს შევიკავებ“ – გიორგი ბურჯანაძე

185
Capture

„სახალხო დამცველის მოადგილე არის ის ადამიანი, ვინც სახალხო დამცველს ეხმარება საქმიანობაში. მათ შორის მნიშვნელოვანია არსებობდეს ნდობა. როცა მე გავხდი ნინო ლომჯარიას მოადგილე, მე და ნინოს გვქონდა ნდობა და ურთიერთ – გაგება გარკვეული საკითხების გარშემო. მოვიდა ახალი სახალხო დამცველი და მას სჭირდება ნდობით აღჭურვილი პირების დანიშვნა“ – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

გიორგი ბურჯანაძე, რომელიც თანამდებობას ხვალ ტოვებს, გადაწყვეტილების მიზეზებზე გადაცემაში “დღის თემა” საუბრობს და ამბობს, რომ ერთ თვეში გახდება ცნობილი სად გააგრძელებს საქმიანობას.

„მეორე მიზეზი არის ის, რომ მე ვიღებდი კონკურსში მონაწილეობას, რომელიც სახალხო დამცეველის არჩევას ეხებოდა და ვფიქრობ, რომ უსამართლოდ მეთქვა უარი. ამის გამო ბუნებრივია გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ აპარატში სხვა პოზიციაზე გავაგრძელო საქმიანობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ლევან იოსელიანი მაშინ პარლამენტის წევრი იყო და მხარი არ დამიჭირა“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილე ლევან იოსელიანზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს.

„ნებისმიერი ჩემი კრიტიკული შეფასება აღქმული იქნება, როგორც გაბრაზებული კაცის პოზიცია. ისევ და ისევ ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე მე ლევან იოსელიანის შეფასებისგან თავს შევიკავებ“ –  განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ,  სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც ბურჯანაძე „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნულ პოსტს ის ოფიციალურად 31 მარტს დატოვებს.

„მიზნად დავისახე, ბავშვური გულწრფელობით მეკეთებინა ყველაფერი, რაღაც დოზით, ვფიქრობ, გამომივიდა“ – სახალხო დამცველის მოადგილეები თანამდებობებს ტოვებენ