უკვე მე-16 დღეა, ბათუმში დაკარგულ 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს ეძებენ. მოზარდი 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
ალექსანდრეს ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები. მოზარდის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ალექსანდრეს გაუჩინარებიდან მალევე, მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ბათუმის ზღვის სანაპიროზე იპოვეს.
მოზარდის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი პაატა შავაძე ჩაერთო – ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ალექსანდრე მიქელაძის კანონიერ ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაში სწორედ ის დაიცავს.
საქმეში არსებული დეტალების გასარკვევად ადვოკატ პაატა შავაძეს „კვირის პალიტრა“ დაუკავშირდა. მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში ადვოკატი ამბობს, რომ ინტუიციაც აძლევს იმის თქმის უფლებას, რომ თქვას – ბავშვი ცოცხალია.
„მე ვარ ალექსანდრეს ადვოკატი, ბუნებრივია, საქმე აღძრული იყო და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარებულია, მაგრამ ბავშვი არ იყო დაზარალებულად ცნობილი. პროკურატურას მივეცი შესაბამისი მითითება, დავუსაბუთე, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი ჩართვიდან ერთ საათში ალექსანდრე მიქელაძე ცნობილია დაზარალებულად.
ახლა საქმის მასალებს ამზადებენ, რომ გადმოგვცენ და ამ სტატუსის შემდეგ, ჩვენ უკვე შეგვიძლია სრული ინფორმაცია ამოვიღოთ, თუ რა ხდება ამ საქმეზე. საქმის კურსში ვარ, არაერთი განჩინებაა სასამართლოს მიერ გაცემული, არაერთი ვიდეოა ამოღებული და მუშაობენ. ვიმედოვნებთ, რომ ბავშვი ცოცხალია, ჯანმრთელია და არ მინდა დავიჯერო, რომ ის აღარ არის. ჩემი ინტუიციაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ვთქვა – ბავშვი ცოცხალია. ის რაღაცას გაექცა. ეს შინაგანი პროტესტია თუ რა, საბოლოოდ გაირკვევა. საგამოძიებო მოქმედები მიდის, რაც ნათელს მოფენს ამ საქმეს…
ხშირად რეკავენ. ახლა ალექსანდრეს დაზარალებულად ცნობის შემდეგ საქმის მასალებზე მექნება წვდომა, რომ რამე არ დარჩეს გამოუკვლეველი. საზღვარი შემოწმდა, თურქებთანაც მიდის მუშაობა, იქაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები ზღვის სანაპიროზე, იქ ხომ არ გამორიყა. ან ბავშვი ხომ არ არის გადაყვანილი. ყველა ვერსია მოწმდება. არის რამდენიმე საყურადღებო ვერსია, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვისაუბრებ, გამოძიებას ხელს ვერ შევუშლი, ვცდილობთ, გამოვკვეთოთ, რა მოხდა“, – აღნიშნავს ადვოკატი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.