მსოფლიო სცენებზე წარმატებით მოღვაწე ქართველი მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ,,არტ-Fm”-ის ონლაინ სტუმარია. როგორ ატარებს თვითიზოლაციაში მყოფი დროს, ამის შესახებ ქალბატონმა ქეთევანმა თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში ისაუბრა და ცოცხალი შესრულებაც შემოგვთავაზა.
ქეთი მოგვიყევი რა ხდება ბარსელონაში?
ბარსელონაში გუშინ გვქონდა დიდი დღე, რადგან ბავშვიან ოჯახებს მოგვცეს იმის საშუალება, რომ გავსულიყავით ქუჩაში. ისე გავაცილე ჩემი ქმარ-შვილი ველოსიპედებით გარეთ, რომ მეგონა შორეულ მგზავრობაში ვუშვებდი, იქედან გამომდინარე, რომ თითქმის თვენახევარი სახლიდან არ გავსულვართ.
სანამ ფრენებს გააუქმებდნენ და კარანტინს გამოაცხადებდნენ შენ იყავი ისრაელში, სადაც გქონდა კონცერტი…
კი ეს ასეა, ვიყავი ისრაელში კონცერტის ჩასატარებლად, ყველას ჩემს კოლეგას გადაუდეს ფრენა, თუმცა ისე მოხდა, რომ მე არ მოვხვდი ამ სიაში, ბოლო ფრენას გამოვყევი და ჩამოვაღწიე სახლში. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გავჩერებულიყავი თვენახევარი უცხო ქვეყანაში ჩემი ოჯახის გარეშე, ამიტომ ძალიან გახარებული ვიყავი წამოსვლით. როდესაც ჩამოვედი ბარსელონაში იყო 8 მარტი, მაშინ განგაში არ იყო ჩვენთან, ამ დღეს ჩატარდა ძალიან დიდი დემონსტრაცია ქალთა დღესთან დაკავშირებით, რამაც სამწუხაროდ ხელი შეუწყო covid 19-ის გავრცელებას და ინფიცირდა ბევრი ადამიანი, ისე გართულდა მოვლენები, რომ 13 მარტს უკვე ჩავიკეტეთ კარანტინში.
მოგვიყევი დეტალურად, რა აკრძალვები გაქვთ ბარსელონაში?
13 მარტიდან ჩვენ არსად გასვლის უფლება არ გვქონდა, მხოლოდ რამდენჯერმე გავიდა ჩემი მეუღლე აფთიაქში და სუპერმარკეტში, აქ მანქანით გადაადგილებაზე ზედმეტია საუბარი. თვენახევარია, რაც ვართ სრულ სამაგალითო კარანტინში. იმდენად მორჩილები აღმოვჩნდით, რომ ჯარიმა არც კი ვიცით რას ნიშნავს. ზედმეტი გადაადგილება სადარბაზოშიც კი არ შეგვეძლო და ყველანაირი კონტაქტი იყო მინიმუმზე დაყვანილი. როდესაც მოქონდათ სუპერმარკეტიდან პროდუქტი ლიფტში გვიტოვებდნენ და ჩვენ ვიღებდით, ეს იყო ძალიან დიდი ცერემონია, რადგან ვრეცხავდი ყველაფერს. ახლა სიტუაცია ცოტა შერბილდა და ხალხიც შეეჩვია ამ ყველაფერს. კონკრეტულად არ გვეუბნებიან არაფერს, ყველაფერს გვიხსნიან ეტაპობრივად.
როგორ ატარებ თვითიზოლაციის დღეებს?
როდესაც მთავრდება საღამო, მგონია, რომ არ მყოფნის დრო, სულ საქმეა. ვეხმარები ჩემს შვილს, ლუკას სწავლაში, მეც ძალიან ბევრი რამ მქონდა სასწავლი და ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენე. ასევე სახლის საქმეებიც ყოველდღე უამრავია, როგორც იქნა გაიხარა ჩემმა ყვავილებმა, რადგან სახლში არასდროს ვიყავი და რამდენი მოვიდოდი სულ გამხმარი მხვდებოდა. ალოე, რომელსაც ცხოვრებაში არ უყვავილია, ამიფეთქდა.
რა აღმოაჩინე თვითიზოლაციის დროს შენში ახალი?
ჩვენი ოჯახისთვის თვითიზოლაცია აღმოჩნდა ძალიან სასარგებლო, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ მე და ჩემი მეუღლე 11 წელია ერთად ვართ, ასეთი დიდი პერიოდი ერთად არ ვყოფილვართ. ჩემი შვილიც ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს, რადგან მის განკარგულებაში ვართ მეც და ჩემი მეუღლეც. ეს ყველაფერი, რომ დამთავრდება ალბათ ძალიან მოგვენატრება ასეთი დოზით ერთად ყოფნა. ჩემი კონტრაქტების 99% გაუქმებულია სექტემბრამდე, ნაწილი არ აუქმებს იმ იმედით, რომ ფიქრობენ რამე შეიცვლება. ახლა უნდა ვყოფილიყავი მარსელში, სადაც პრემიერა მქონდა და ისიც რა თქმა უნდა გაუქმებულია. მთელი ზაფხულის განრიგი მქონდა გათვლილი და შევსებული. ყოველ დღე საღამოს 8 საათზე მთელი ბარსელონა ვუკრავთ მადლობის ტაშს მადლიერების ნიშნად და ვისაც რა ინსტრუმენტი აქვს იმით უკრავს.
ფოტო: გიორგი ცაავა, მარი ნაკანი