ნუცა ბუზალაძის კარიერულ ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მომღერალი, რომელიც უკვე ერთი წელია, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, ახლახან „გრემის“ აკადემიის წევრი გახდა. ნუცა fortuna.ge-ს უყვება ამ წარმატების შესახებ და ასევე გვესაუბრება, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ამერიკაში გადასვლის შემდეგ, ასევე როგორ უწყობს ხელს მეუღლე და აგენტი, დარენ პრინცი.
22 აგვისტოს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ამერიკელი და ქართველი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ბენდის თანხლებით, ნუცა ბუზალაძე სოლოკონცერტს გამართავს.
ნუცა, „გრემის“ აკადემიის წევრობაზე მოგვიყევი…
ყველამ იცის, რომ ბავშვობიდან მინდოდა „გრემიზე“ დასწრება. 2025 წელს მომივიდა მიწვევა და გახლდით „გრემის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე. ეს იყო კიდევ ერთი ჩემი ოცნების ასრულება. იქ ყოფნისას უფრო კარგად გავერკვიე „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიასთან დაკავშირებულ დეტალებში და გავიგე, რომ არსებობს მისი აკადემია და მას ჰყავს წევრები. ერთი წლის წინ დავიწყე მუშაობა იმაზე, რომ მეც მომეპოვებინა მისი წევრობა. მივაწოდე ყველანაირი ინფორმაცია ჩემ შესახებ, რა მიღწევები მაქვს მუსიკალური მიმართულებით და ა.შ. ორი დღეა, რაც მომივიდა მოწვევა, რომ მეც გავხდე „გრემის“ აკადემიის წევრი. მაქვს უფლება, მივცე ხმა არტისტებს, ვისაც მიმაჩნია, რომ „გრემი“ უნდა გადაეცეს, რადგან სწოედ აკადემიის წევრები წყვეტენ, ვის გადაეცემა ეს ჯილდო. „გრემი“ მართავს სხვადასხვა ღონისძიებას, ეპატიჟება თავის წევრებს, ეს არის გზა, რომ გაიცნო პროდიუსერები, მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ადამიანები…
როცა მოგივიდა მეილი, სადაც გაცნობეს, რომ „გრემის“ აკადემიის წევრი გახდი, მეუღლეც ხომ იყო შენ გვერდით?
მეუღლეც ჩემთან ერთად იყო, მაგრამ არ იცოდა, რომ ერთი წელია, ამაზე ვმუშაობ. წევრობა რომ მინდოდა, მისთვის არ გამიმხელია. ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. ამაყობს და ძალიან უხარია, მაგრამ მიღწეულის გამო არასდროს გამოხატავს დიდ ემოციებს. პირიქით, უნდა, რომ მეტი და მეტი გავაკეთოთ და მეტს მივაღწიოთ.
რა სიახლეებია მუსიკალური კუთხით?
ახლა გამოვუშვი მესამე კლიპი, რომელიც ლოს ანჯელესში გადავიღე. 17 ივლისს გამოდის მეოთხე კომპოზიცია, ძალიან მაგარ მუსიკოსებთან ერთად ვმუშაობ. კანიე უესთის, პროდიუსერთან, ბენი ქასეთთან ერთად ვმუშაობ, ბევრი რამ ვისწავლე მისგან, ჩავუღრმავდი ჩემს შეგრძნებებს, განვლილ ეპიზოდებს, სიყვარული იქნება თუ სხვა რამ. ახალი სიმღერები ჩემს შეგრძნებებზე დავწერეთ.
გარდა ამისა, ახალი ალბომი, რომელზეც უკვე დავიწყე მუშაობა და მისი 5 სიმღერა მზად არის, სხვა პროდიუსერთან ერთად გავაკეთე. ის გახლავთ ჩემი მუსიკალური პროდიუსერი, დეივი ნეთანი. გვყავს ბენდი და ორი კონცერტი გავმართეთ ლოს ანჯელესში. ჩემი ბენდის წევრები 25 წლის განმავლობაში ტონი ბრექსტონთან ერთად მუშაობდნენ, სასწაული მუსიკოსები არიან.

22 აგვისტოს ბათუმში ვგეგმავთ სოლოკონცერტს. ჩემს ბენდში ვეპატიჟები ქართველ მუსიკოსებსაც. კონცერტზე მინდა, მსმენელს ორივე მხარე ვაჩვენო, ამერიკულიც და ქართულიც, რადგან ჩემში ორივე ცხოვრობს. ამ ერთ წელიწადში როგორც მუსიკოსი, ძალიან გავიზარდე და მინდა, ქართველ მსმენელს წარვუდგინო ის, რაც შევქმენი. იქნება უცხოური რეპერტუარიც და ქართული სიმღერების გამორჩეული ვერსიებიც. ჩემთან ერთად იქნებიან მოცეკვავეები, რადგან ცეკვისა და შოუს გარეშეც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. 22 ივლისიდან ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი საიტზე biletebi.ge. კონცერტი გაიმართება მუსიკალურ ცენტრში. რეჟისორი იქნება ზაზა ორაშვილი.
როცა ამბობს, რომ შენს ერთწლიან ცხოვრებას აჯამებ, იმაზეც ვისაუბროთ, როგორია შენი ამერიკული ცხოვრება?
იცი, რას მივხვდი? რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება იმ მხრივ, რომ უფრო მეტად დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა. უფრო მეტად მივხვდი, რა მაქვს დასახვეწი მაგალითად, ჩემს კარიერაში, როგორც ადამიანს, როგორი დისციპლინა უნდა მქონდეს, რომ ამ საქმეში უფრო მეტად ვიყო განვითარებული. ჩემს თავს დავუწყე ყურება, როგორც ყველაზე დიდმა კრიტიკოსმა. მინდა, სპორტულ ცხოვრებაში მქონდეს დიდი პროგრესი, რადგან ჯანსაღ ცხოვრებას ჩემს წარმატებულ კარიერას ვუკავშირებ. როგორც კი არ ვვარჯიშობ და თავს არ ვუვლი, მოტივაცია მინელდება. დავიწყე მუშაობა, რომ უფრო მეტად ჩავურღმავდე საკუთარ თავს, ის ისტორიები, რაც მივიწყებული მქონდა, მტკივნეული ამბები, ჩემი ცხოვრების ეტაპები და გამოცდილებები, ყველაფერი გავიხსენე და ამ ყველაფერზე დავწერე სიმღერები. მოტივაცია მომცა, რომ ახალი ალბომი გამეკეთებინა. უფრო მეტად კრეატიული და არტისტული გახდა ჩემი ცხოვრება. როგორც არტისტს, სხვანაირად ვუყურებ ჩემს თავს.

ისე ვმუშაობ, როგორც ამერიკელი არტისტი. ამ პროცესმა ძალიან გამზარდა. 29 წლის ვარ, მაგრამ ჩემს თავს, როგორც დიდს, ისე აღვიქვამ, ზოგჯერ მგონია, რომ 50 წლის ვარ (იღიმის). ალბათ, ეს შეგრძნება გამოცდილებამ მომცა, ამდენ ადამიანთან კომუნიკაციამ, ამდენ ქვეყანაში ცხოვრებამ… მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გავიარე… ამერიკაში ცხოვრება ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოსა და ქართველების გარეშე, ჩემი მეგობრების გარეშე, არ შემიძლია. ვერაფერს გავაკეთებ, ეს რომ ჩემს ცხოვრებაში არ იყოს, მმუხტავს სიყვარულით, ენერგიით, ჩემიანებთან კომუნიკაცია, ჩემი ხალხი და ქვეყანა განსხვავებულ მუხტს მაძლევს, ამიტომ ყოველ ორ თვეში საქართველოში ვბრუნდები.

მეუღლეს არ უკვირს?
დერენი, პირველ რიგში, ჩემი საუკეთესო მეგობარია. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, გაგებით ეკიდება ჩემს ხასიათს, რომელიც ძალიან კარგად იცის უკვე, რადგან სამი წელია, ჩემი აგენტია. პირიქით, უნდა, რომ ხელი შემიწყოს. თუ მჭირდება ბედნიერებისა და კარგად ყოფნისთვის ჩემს ქვეყანაშიც ვიყო და ამერიკაშიც, მაშინ მისთვის ეს მისაღებია.


ახლახან იტალიაში იმოგზაურე…
პოზიტანოზე, კაპრისა და ამალფიზე ვიყავი… როცა იქ მივდივარ, სადაც არ ვყოფილვარ, თითქოს ახალი ადამიანი იღვიძებს ჩემში. ეს ადგილები მაძლევს დიდ ინსპირაციას. იტალიაში მოგზაურობამ უფრო მეტად შემაყვარა ცხოვრება, მომენტებით ტკბობა მასწავლა. სულ მომავალზე ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო. იტალიაში მოგზაურობისას, განსაკუთრებით, როცა შუა ზღვაში ვცურავდი, თავისუფლებასა და მომენტებით ტკბობაზე ვფიქრობდი…
რადგან სულ მომავალზე ფიქრობ, რა არის შენი გეგმა შემდეგ ათ წელიწადში?
სულ მიჩვეული ვიყავი კონკურსებს, ახლა უკვე გადავდივარ ისეთ ეტაპზე, როცა არტისტი თავისი ისტორიით და თავისი სიმღერებით დგას სცენაზე. მინდა, ისეთი სიმღერები მქონდეს, რომლებიც ადამიანებს დაეხმარება უფრო მეტად გაბედნიერებაში, რთული პერიოდების გადატანაში. მინდა, უფრო მეტად კრეატიული გახდეს ჩემი ცხოვრება და არ ხდებოდეს მხოლოდ ის, რომ კონკურსებში გავედი და მაღალი ნოტები ვაჩვენე. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა არ არის მარტივი, მაგრამ ძალიან საინტერესოა…
