22 აგვისტოს თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, 25 წლის ქალმა საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლე ცივი იარაღით მოკლა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოკლული ბიჭი ლუკა დარასელიაა, ხოლო დაკავებული ქალი თეკლა გერსამია.
ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას დედა ამბობს, რომ ბიჭმა ჭრილობები თავად მიიყენა. აღნიშნულის შესახებ მედიასთან დაკავებული ქალის უფლებადამცველმაც ისაუბრა. ადვოკატის განმარტებით, თეკლა გერსამია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა და მან ამოიღო.
ვიდეო: „პასპორტიც კი წაართვა თეკლას, არ გამეპაროო… სულ ემუქრებოდა თავს მოვიკლავო, ხელებს ისერავდა… სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ბიჭმა დანა…“ – რას ამბობს ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, 25 წლის ტიკტოკერის დედა?
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
აღნიშნულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ლუკა დარასელიას ოჯახი. ლუკა დარასელიას დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი თეკლა გერსამიას მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში კონტროლსა და შეზღუდვებს განიცდიდა. მისივე თქმით, ოჯახი მოითხოვს, რომ ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინგა ესართია AMBEBI.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:
– ქალბატონო ინგა, თეკლას დედის ინტერვიუ თუ მოისმინეთ…
– ნეტა არ მომესმინა, ნუთუ ღმერთის არ ეშინია. მკვდარია ჩემი შვილი და კიდევ ამხელა ტყუილს რომ აბრალებენ.
– ის პერიოდი ერთად რომ ცხოვრობდნენ, თუ ესაუბრებოდით ლუკას, რას გიყვებოდათ?
– კი, სულ ვკითხულობდით ლუკას, ყოველდღე ვწერდი, მეც, დედაჩემიც. ბოლო პერიოდში ტელეფონი არ ჰქონდა. ფეისბუქის გვერდიც თეკლას ჰქონდა, ვინმე რომ მოსწერდა უშლიდა, არავის მიმოწერას არ აჩვენებდა. ლუკას ვკითხე, რატომ არ ჰქონდა ტელეფონი, ცოტა ხანი არ მინდა და თუ რამე მოხდა, თეკლას დაუკავშირდითო. თეკლას რატომ უნდა დავუკავშირდე, შენ რატომ არ გინდა ტელეფონი-მეთქი. ბოლო დროს ფეისბუქის პროფილი გაუუქმა. თეკლას რომ მივწერე, თვითონ დამიდასტურა. რატომ გააუქმე, ოჯახის წევრებს რომ არ მისწეროს-მეთქი. შენ ინსტაგრამი გაქვს, ტიკ-ტოკი, ტელეფონი, ჩემს შვილს არაფერი არ უნდა-მეთქი, არავინ არ უნდა მოიკითხო-თქო. ცოტა ხანი დასვენება გვინდაო, რაღაც საქმეები უნდა მოვაგვაროო. აქედან წასვლა უნდოდათ. ვეუბნებოდი, არ წახვიდეთ-მეთქი. ერთ დღეს თეკლამ მითხრა რომ ბინას ყიდდა, გავგიჟდი, ხალხმა ბინა რომ იყიდოს იმას წვალობს-თქო. ჩემს საქმეს ახლა ასე სჭირდებაო. მატყუებდა თითქოს ლუკას ჯარიმა დაუწერეს და 4 ათასი ლარი გირაო იყო გადასახდელი…
ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იხსენებს, რომ ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა – ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა“
ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს მკვლელობის აღიარებით ჩვენებაზე ხელი. ადვოკატის განმარტებით, თეკლა გერსამია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა და მან ამოიღო. „ერთხელ აქვს დარტყმული იმიტომ, რომ მეორედ ვერც დაირტყამდა. ერთხელ ამოაცალა. რასაც თვითონ იხსენებს, მიშველეო, ერთი დაიძახაო. თეკლას თვალწინ დაირტყა […]
რა მოხდა იმ დღეს რეალურად რატომ შეიძლებოდა გაემეტებინა ასე?
– არ ვიცი, ვერ ვხვდები, ასე უცებ რა მოხდა. ფაქტია, იჩხუბეს, მაგრამ რის გამო. ხელი მოწერილი ჰქონდათ, ჩემმა შვილმა ბეჭედი მისცა, წასვლას აპირებდნენ საქართველოდან. რა მოხდა ასეთი სასიკვდილოდ რომ გაიმეტა, შეიძლება ლუკა რამეს მიხვდა და წამოსვლა უნდოდა… რამდენჯერ მითხრა, ლუკას ვინც შეეხება, არც დავფიქრდები, ჩემი ხელით გამოვჭრიო ყელს. რაზე იჩხუბეს ვერ ვხვდები, ლუკასა და მის გარდა არავინ იცის. რა უნდოდა ხომ ჰყავდა თავისთან, რატომ მომიკლა ჩემი ანგელოზი, უნაკლო შვილი.
ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა, ისეთი გული ჰქონდა. დედამისს რცხვენოდეს, უფლის ეშინოდეს, კიდევ თავის შვილს რომ ამართლებს. ჩემს შვილს დანა რომ დაარტყა რატომ გაიქცა, რატომ დაიმალა. რატომ არ დაუძახა სასწრაფოს მაშინვე, იქნებ გადარჩენილიყო. ან ადვოკატი რას ამბობს, უფლის არ ეშინია? ქათამი ხომ არ მოუკლავს, შვილი მომიკლა.
ჩემი მოთხოვნაა, უვადო პატიმრობა. ჩემი შვილის გაყინულ სხეულს ვუყურებ ახლა. ციხე იმისთვის კომფორტია, შეჭამს, დალევს, ჩემი შვილი აღარ… არცერთ დედას არ ვუსურვებ ჩემს მდგომარეობას. თავისმა სიკეთემ დაღუპა ლუკა.