ნიკოლა პელტცის მამამ, მილიარდერმა ინვესტორმა, ნელსონ პელტცმა დუმილი დაარღვია და ბექჰემების ოჯახის გარშემო მიმდინარე ხმაურიან კონფლიქტზე პირველი კომენტარი გააკეთა.
83 წლის პელტცი ფლორიდაში გამართულ WSJ Invest Live ღონისძიებაზე კითხვა-პასუხის სესიაში მონაწილეობდა. როდესაც მას ქალიშვილის შესახებ ჰკითხეს, მან ირონიულად უპასუხა:
„ჩემი ოჯახი ბოლო დროს პრესაშია? ეს საერთოდ ვერ შევამჩნიე“.
მიუხედავად ხუმრობანარევი ტონისა, ნელსონ პელტცმა აღნიშნა, რომ ოჯახს გარკვეულ სიტუაციებში რჩევებს აძლევს.
„ჩემი მთავარი რჩევაა, რაც შეიძლება შორს იყავით პრესისგან, ჩემი ქალიშვილი და ბექჰემები სრულად სხვა ისტორიაა და დღეს ამაზე საუბრის ადგილი აქ არ არის. მაგრამ გეტყვით ერთს, ჩემი ქალიშვილი შესანიშნავია, ჩემი სიძე, ბრუკლინი შესანიშნავია და გულწრფელად ვუსურვებ მათ ხანგრძლივ და ბედნიერ ქორწინებას“, – განაცხადა დევიდ და ვიქტორია ბექჰემბის მძახალმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკოლა პელტცი მამისგან ყოველ თვე 1 მილიონ დოლარიან დახმარებას იღებს, რაც მკვეთრად განსხვავდება იმ ფინანსური მხარდაჭერისგან, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეუღლე ბრუკლინ ბექჰემი საკუთარი მშობლებისგან იღებს.


