LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი პედაგოგი მამა მდიდარი სკოლის გაკვეთილებიდან შემორჩენილ ცარცის ნატეხებს ჯიბეში ინახავდა და ღარიბი სკოლის ბავშვებისთვის მიჰქონდა…”

802
elene-shengelianewsss

ელენე შენგელია იხსენებს პედაგოგი მამის ამბავს, რომელიც რამდენიმე სკოლაში ასწავლიდა. როგორც ელენე წერს, მამის ქურთუკის ჯიბეში ისეთ რამეს წააწყდა, რამაც საინტერესო მოგონება გაუღვიძა:

“დღეს საღამოს, მამას ქურთუკის “გულის ჯიბეში” უჯრედებიან რვეულის ფურცელში საგულდაგულოდ გახვეული ცარცის ნატეხები აღმოვაჩინე.

მამა 40 წელი პედაგოგად მუშაობდა და ერთდროულად 3 სხვადასხვა სკოლაში ასწავლიდა. აქედან, განსაკუთრებულ სიყვარულს ერთ-ერთი ე.წ. “საბაზო სკოლის” მიმართ განიცდიდა, რომელიც, რატომღაც მის გარდა ყველას მივიწყებული ჰქონდა.

კლასში მაქსიმუმ 2-3 მოსწავლე ჰყავდა და რადგან სკოლა საბაზო იყო, მხოლოდ მე-9 კლასამდე სწავლობდნენ, შემდეგ, უფრო დიდ და შორეულ სკოლაში გადადიოდნენ მოსწავლეები.

სწყინდა! ამბობდა: დავზრდი, დავაფრთიანებ, თავისუფლებას ვასწავლი, შემდეგ კი სხვა ისაკუთრებს და ზოგჯერ, ტვინსაც ურეცხავსო.

ერთი მომენტიც მახსენდება, როცა დირექტორმა მამაჩემი უარით გამოისტუმრა, ბიუჯეტი არ გვაქვს და საკლასო ოთახში “ფეჩებს” ვერ დავდგამთო, მამაჩემმა ჩვენი ძველი გაფუჭებული ფეჩი შეაკეთებინა მეზობელს და სკოლაში საკუთარი ხელით ჩაიტანა.

თვითონ სკოლა სოფლის იმდენად მივარდნილ ადგილას იყო, ყოველდღიურად, ყინვის, თოვლის და წვიმის მიუხედავად, ვალინკებით გადიოდა კილომეტრობით ტალახიან აღმართებს.

რომ მოთოვდა და დედა სთხოვდა, იქნებ დღეს არ წახვიდე ულურიის სკოლაშიო, კართან გაბრაზებული შეიკრავდა პალტოს ღილებს და უკანმოუხედავად წაიდუდღუნებდა: “იქ ბავშვები მე მელოდებიან, თან დღეს პუშკინის ლექსების დღე გვაქვს, იმედები როგორ გავუცრუოო”.

ამ ფოტოსა და ამბავში კი ყველაზე სევდიანი იცით რა არის?

ერთი “მდიდარი” (საჯარო) სკოლის გაკვეთილებიდან შემორჩენილ ცარცებს მამაჩემი ჯიბეში ინახავდა და მეორე ღარიბი სკოლის ბავშვებისთვის მიჰქონდა.

ერთი შეხედვით, ამ უმნიშვნელო დეტალით, დღეს საკუთარ გოგონას, ქურთუკის გულის ჯიბეში გაკვეთილი დაუტოვა.

ჩემი მამაჩემი ?”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g