LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ქმარი გიჟდება საქართველოზე და ქართველებზე, ყველას გულში იხუტებს და ამბობს, რომ ჩვენი შვილი კაცურად უნდა გაიზარდოს…“ – მეგი ვიბლიანის გზა ჩინეთში პოპულარობამდე და დევნილი გოგონას მიერ მოპოვებული პირველი მილიონი

878
მეგი ვიბლიანი

მეგი ვიბლიანი მოდელია, რომელიც ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას სხვადასხვა გადაღებაზე ხშირად ეძახიან. ფიქრობს, რომ გარეგნობის გარდა, შრომისმოყვარეობა და სანდოობა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, რამაც წარმატება მოიტანა – „არ ვთვლი, რომ გარეგნულად განსაკუთრებული მოვლენა ვარ. არასდროს ჩამითვლია, რომ ულამაზესი ვარ. მრცხვენია, კომპლიმენტს რომ მეუბნებიან და სულ მგონია, რომ მატყუებენ… ვფიქრობ, წარმატება შრომისმოყვარეობამ გამოიწვია. ჩვეულებრივი გოგო ვარ“, აღნიშნავს fortuna.ge-სთან საუბრისას.

მეგი ვიბლიანის ოჯახი გაგრიდან დევნილია. გაჭირვებული ცხოვრება გამოიარა, ამიტომ მისთვის წარმატება, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობასაც უკავშირდება, ძალიან მნიშვნელოვანია…

მეგი, როგორც ვიცით, ჩინეთში ძალიან პოპულარული მოდელი ხარ…

ჩემი ჰობი ყოველთვის იყო კამერის წინ მუშაობა, ოცნება კი გახლდათ ის, რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი. ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ვართ აფხაზეთიდან დევნილები, არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ უნივერსიტეტში თანხა გადამეხადა, ბაბუამ წინასწარ გამოიტანა პენსია, ერთი სემესტრი დამიფინანსა… შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში სამუშაოდ. უკან რომ დავბრუნდი, ერთ-ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. იქ მითხრეს, რომ გოგონებს ჩინეთში მოდელებად უშვებდნენ, სადაც რამდენიმე ასეული დოლარი იქნებოდა ანაზღაურება. ჩემთვის ეს ძალიან დიდი თანხა იყო. თანაც, რაც ჩემი ჰობი იყო, იმაში მიხდიდნენ ფულს. როცა პირველი ხელფასი ავიღე, ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, რადგან რაც მიყვარდა, იმაში მიხდიდნენ ფულს.

ჩინეთში ყველაფერს ინსტინქტურად ვაკეთებდი. რაც სწორი იყო, ვფიქრობ, ისე ვიქცეოდი. მქონდა სანდო ადამიანის სახელი, ვფიქრობ, ესეც დამეხმარა წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ გარეგნული მონაცემები… გარდა ამისა, თავიდანვე დავიწყე ენის სწავლა. თავად ვუერთიერთობდი ყველასთან და კარგად ვისწავლე ენა. ყველა მონაცემს ვიწერდი, სად ვიყავი, რა ანაზღაურება ავიღე და ა.შ. ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ჯამში, მილიონნახევარი ლარი გამოვიმუშავე… ორსულად რომ დავრჩი და საქართველოში ჩამოვედი, მაშინ დავითვალე და შოკში ჩავვარდი.

დამცინოდნენ, რობოტს მეძახდნენ, რადგან ამდენს ვმუშაობდი. ჩინელი ქმარი რომ ჰყავს, ამდენს რატომ წვალობსო, ერთხელ ასეთ საუბარს შევესწარი. ხანდახან უფასო ფოტოსესიებზეც მივდიოდი, რომ მასალა დამრჩენოდა. ახლა, ორსულობის დროს, როცა წელიწადნახევრიანი პაუზა მქონდა, ვიზაჟისტები მეუბნებოდნენ, ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან შენი ფოტოებით, ამ გოგოს დაგვამსგავსეო, მაგრამ არასდროს გამოდიოდა, რადგან შენი ხასიათი სხვანაირიაო. უამრავი რეკლამაა, რომელიც თავად არ მინახავს, მაგალითად, ჰონგ კონგში იყო გამოფენილი ბილბორდებზე ჩემი ფოტოები, ტაილანდში… ჩემმა მეგობრებმა გამომიგზავნეს სურათები, მე არც ვიცოდი… გადაღებების შემდეგ მასალას არ ვეძებ ხოლმე, თუ ვინმე გამომიგზავნის, ასეთ შემთხვევაში ვნახულობ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ სფეროში ასეთ წარმატებას მივაღწევდი…

და მილიონერი გახდებოდი?

(იღიმის) ასე ერთად ეს თანხა არ მქონია. ყველაფერს ვხარჯავდი ოჯახის საჭიროებების შესაბამისად, სახლი გავარემონტე და სხვა წვრილმანი საკითხები მოვაგვარე. არასდროს შემინახავს თანხა. ახლა სხვანაირად ვფიქრობ. შემეძლო, მეყიდა ბინები, ინვესტიცია გამეკეთებინა. ჩემი მეუღლის ბარათზე ვარიცხინებდი თანხას, საერთო ფინანსები გვაქვს… უბრალოდ, შოკი იმან მიმაღებინა, რომ ამდენი ვიშრომე და საკუთარ თავს ვუთხარი, ყოჩაღ, მეგი, გამოგივიდა-მეთქი.

ჩინელ მეუღლეს, ზაკს, როგორ დაუკავშირე შენი ცხოვრება?

მისი გაცნობის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი საყრდენი მეყოლებოდა. ძალიან იმპულსური ადამიანი ვარ, ზაკთან თანაცხოვრების შემდეგ ბევრად მშვიდი და კომფორტული გახდა ჩემი ცხოვრება. ზაკი მისი მეგობრის ბარში გავიცანი, ჩინეთში. ჩემთან თანაცხოვრების შემდეგ, სხვათა შორის, მანაც გახსნა რამდენიმე ბარი, სადაც უცხოელებს ემსახურება.

საქართველოში ცხოვრობთ თუ ჩინეთში?

ჩემი შვილი საქართველოს მოქალაქეა და ქართული პასპორტი აქვს. მინდოდა, შვილის გაზრდაში ჩემი ოჯახი ყოფილიყო ჩართული. მსურდა, მის ცხოვრებაში ჩემი და-ძმები დედ-მამასავით ორგანული ყოფილიყვნენ. ახლა ვაპირებთ ისევ ჩინეთში გამგზავრებას. ჩემი გამომწერების თხოვნით დავიწყე ონლაინ შოპინგი, ვმუშაობ, როგორც ბაიერი. ძალიან კარგი შედეგი დავდე… ვმუშაობდი ლუქს ხარისხსა და მაღალ სეგმენტზე, ახლა საშუალო სეგმენტსაც მოვემსახურებით…

ძალიან განსხვავებული ტრადიციები და კულტურა გვაქვს ქართველებსა და ჩინელებს. როგორ გადალახეთ ეს ბარიერები შენ და ზაკმა? და ბავშვის აღზრდისას რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ?

ჩემი მეუღლე აღფრთოვანებულია ქართველი კაცების მენტალიტეტით. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ სტუდენტთან აქვს ურთიერთობა, რომლებიც ჩვენს ბარებს სტუმრობენ. ამბობს, რომ ქართველებისნაირი ერი არ არსებობს. ამას ხშირად უსვამს ხაზს. მოსწონს ჩვენი მენტალიტეტი, ჩემი ძმები და მამაჩემი. ამბობს, რომ გაბრიელი კაცურად იზრდება.

ქართული იცის?

ცდილობს, რომ ისწავლოს…

ჩინეთში დაბრუნების შემდეგ რა გეგმები გაქვს?

დიდი გეგმები მაქვს, როგორც მოდელს, ბაიერობასაც გავაგრძელებ და შეიძლება, საქართველოში მაღაზიაც გავხსნა.

კომენტარებს შენი ფოტოების ქვეშ ხშირად კითხულობ?

ჩემთვის შოკია, რომ უცხო ადამიანებს ვიყვარვარ. ჩემი მოტივატორები ჩემი ონლაინ მეგობრები არიან, რომლებიც მუდმივად მაძლევენ რჩევას. მათი სიყვარულით ვაკეთდებ ბევრ რამეს. ვცდილობ, ვიყო ბუნებრივი. თუ ადამიანი კითხვას მისვამს, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. მინდა, ვიყო გულწრფელი. მინდა, დავანახვო ყველას, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კონკიასავით მოხდა – ვიშრომე, ვიწვალე… მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია სახლში დავჯდე და მეუღლემ მოგვხედოს, ამას ხშირად მეუბნება, მაინც მინდა დიდი შრომა. არ მინდა, უბრალოდ ვიძინო და ვიყო სხვაზე დამოკიდებული. მინდა, ბევრი ვიმუშაო და ვანახო ადამიანებს, რომ შრომით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი. 10 კვადრატულ მეტრში ვცხოვრობდით, მე, ჩემი მშობლები და და-ძმა. ახლაც ისევ დევნილები ვართ, მაგრამ გავფართოვდით. მამაჩემი სულ მეუბნებოდა, ფული შეიძლება დღეს გქონდეს, ხვალ არა და ფულზე არასდროს გაგიჟდეო. დედა გაგრიდან დევნილია, ბებიაჩემმა ბოლომ დატოვა გაგრა, მიცვალებულებს მარხავდა. გმირი ბებია მყავდა, უშიშარი ქალი იყო. გამოუშვა დედაჩემი, მერე მთელი სანათესავო და ბოლოს წამოვიდა თვითონ. ინსულტი მიიღო, ისე ნერვიულობდა, ისე უნდოდა უკან დაბრუნება… 14 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა… მთელი ჩემი ცხოვრება ასე იქნება და არაფერი შეიცვლება, რომ ჯერ ჩემი ოჯახის ფუფუნებას ავირჩევ და მერე ვიფიქრებ საკუთარ თავზე…

ახლა როგორია შენი ოცნება?

საბოლოოდ, საქართველოში მინდა ცხოვრება. მეუღლეც ეთანხმება ამ მოსაზრებას. გიჟდება საქართველოზე და უყვარს ქართველები. მან კომენტარების შესახებ არაფერი იცის, ყველა კომენტარზე ვეუბნები, რომ გაქებენ და ძალიან უყვარხარ-მეთქი. ვიღაცამ იაკუძა მიაძახა ქუჩაში, რა თქვესო და გაგეხუმრნენ-მეთქი… ზოგადად, ძალიან მინდა, ჩინელების შესახებ სტერეოტიპები დავამსხვრიოთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი მეუღლე ყველას უყვარს და თვითონაც გულში იხუტებს ადამიანებს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g