LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა..“ – რას წერს შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე

213
გოგ მზა

„ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა,“– ამის შესახებ შსს-ს ყოფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს საღამოს მაცნობეს, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე შემიფარდეს დისციპლინური სახდელი და სამსახურიდან გამათავისუფლეს.

გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და ჩემს მიმართ შევიწროებაზე საჯაროდ საუბარი შსს-ს მინისტრის მოადგილისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას და სამინისტროს რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად.

გარდა იმისა, რომ გენერალურმა ინსპექციამ ცალმხრივად, ფაქტების არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, იგი დაეყრდნო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის დასკვნას, რომელთაგან ერთმა აშკარა დანაშაულებრივი ნიშნების შემცველ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება, ხოლო მეორემ არ დაადგინა ჩემს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროების ფაქტი.

გენერალური ინსპექციის დასკვნაში ნათლად გამოჩნდა, რომ:

  • პრობლემაა იერარქიულ სისტემაში განსხვავებული და განსაკუთრებით, კრიტიკული აზრის დაფიქსირება. სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე მხოლოდ ჩემი გამბედაობა და სხვა თანამშრომლების დუმილი, ჩემს წინააღმდეგ იქნა გამოყენებული;
  • დეპარტამენტის თანამშრომლებს – ადამიანებს, რომლებთანაც ვმეგობრობდი და რომლებთან ერთად დავიწყე დეპარტამენტში მუშაობა, სასურველი ახსნა-განმარტებები მიაცემინეს (ყველას არც გაესაუბრნენ). დეპარტამენტში შექმნილი არაჯანსაღი გარემო კიდევ უფრო დაამძიმეს თანამშრომლების ერთმანეთთან დაპირისპირებითა და ასეთი მეთოდებით შეეცადნენ ,,დაეცვათ“ ჩემგან შსს-ს რეპუტაცია;
  • როგორც დასკვნაში წერია, თურმე სამსახურში მქონია ყველანაირი კომფორტი (ავტომანქანა, ბენზინი, ხელფასი), მუშაობისთვის ყველა ბერკეტი, თუმცა მაინც უკმაყოფილო ვყოფილვარ ჩემი „კომფორტული“ მდგომარეობით;
  • თურმე, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში აუდიტის ჩატარება და დეპარტამენტის საქმიანობის შეფასება, შსს-ს მინისტრის მოადგილისა  და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის აზრით, საჭირო იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, მაშინ როცა მთავარი პრობლემა თავად საპოლიციო დანაყოფებშია.

არა მხოლოდ რიგითი მოქალაქისთვის ყოფილა პრობლემა სამართლის პოვნა, ჩემთვის, საჯარო მოხელისთვის კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა სიმართლის დამტკიცება. მით, უფრო იმ პირობებში, როდესაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდა.

მე არ ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა წავაგე. ჩემთვის კომფორტი და თანამდებობა რომ ყოფილიყო პრიორიტეტი, დღესაც ამ „კომფორტში“ ვიქნებოდი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საქმეზე სხვადასხვა უწყების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება საჯარო მოხელეების გაჩუმებას ისახავს მიზნად, მჯერა რომ თითოეულ საჯარო მოხელეს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ქვეყნის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაში. სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია, როცა არსებული პრობლემების შესახებ, სისტემის შიგნით არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ, საჯაროდ საუბარი გადავწყვიტე.

„მადლობა“ სახალხო დამცველს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩემი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მადლობა დეპარტამენტის ყველა ღირსეულ თანამშრომელს.

ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა.

დღეს საღამოს მაცნობეს, რომ შსს-ს გენერალური…

Posted by Goga Razmadze on პარასკევი, 10 ნოემბერი, 2023

აუცილებლად იმსახურებს ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება უკეთეს სახელმწიფოს და დამოუკიდებელ საჯარო ინსტიტუტებს.

ჩემი ისტორია კი აქ არ სრულდება,“ – წერს რაზმაძე სოციალურ ქსელში.

გოგა რაზმაძის შესახებ ისაუბრა, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი თქმით, რაზმაძე  საუბრობდა ზოგადად, ყველაფერზე, მაგრამ რეალურად არაფერზე.

„ფურცლების რაოდენობით თუ იზომება მტკიცებულებები, შემიძლია ათასობით ფურცელი ამოვბეჭდო, მაგრამ არ იქნება შემხებლობაში – ვერ დაადასტურა, რომ რაიმე შევიწროებას ჰქონდა ადგილი,“- განაცხადა დარახველიძემ.

ამასთან, მან რაზმაძეს მოუწოდა, გამოაქვეყნოს სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაც, რომელსაც რაზმაძემ „სამარცხვინო“ უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები