“ვეთანხმები იმ რეკომენდაციებს, რომელიც ამ დროისთვის არსებობს. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ტრანსპორტის ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე სარისკო,”- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის პირველ ეტაპზე, მგზავრები ერთმანეთის გვერდით არ უნდა დასხდნენ. მისივე თქმით, მგზავრების რაოდენობა შეიძლება გაკონტროლედეს როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში.
საგანგებო ზომები და შეზღუდვები უნდა ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ - თენგიზ ცერცვაძე
"2 თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სუპერმარკეტში ან აფთიაქში დისტანცია დამეცვა და ისე შევსულიყავი. ახლა კი ვიცავთ ამ დისტანციას. აი, ეს უნდა გამოვიმუშაოთ..."
ეს ყველაზე მწვავე თემაა, რადგან ეკონომიკა რომ ამოქმედდეს და ზოგადად, ცხოვრება გაიხსნას, ელემენტარულად გადაადგილების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაზე დიდი რისკისშემცველია ეს, იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირე სივრცეა და იქ შესაძლებელია გადადება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დასაწყისში ავტობუსებში მაგალითად, თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს და არა – ორი ადამიანი, ანუ ერთმანეთის გვერდით რომ არ დასხდნენ. ასევე, შეიძლება რიგის გამოშვებით დასხდნენ.
უნდა მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა, მაგრამ დღეს არა. კონკრეტულად როდის, ამ ვადებს ასე ვერ ვიტყვით. ხომ მოიხსნა რაღაც შეზღუდვები, ახლა უნდა ვნახოთ ამ მოხსნის შედეგი. თუ მოხსნის შედეგად შევინარჩუნებთ იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს ან მომატება არ იქნა ძალიან დიდი ( ვთქვათ, 20 შემთხვევაზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გადავიდეთ მოხსნის შემდეგ ეტაპზე, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენაზე. ანუ ასე კონკრეტული თარიღი რომ დავთქვათ, როდის მოიხსნება ტრანსპორტზე შეზღუდვა, არ იქნება სწორი. უნდა მოვხსნათ იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მოიტანს უკვე გაკეთებული მოხსნები,“ – განაცხადა ცერცვაძემ.