„მე და ნინო მესამე თაობა ვართ, თაობების ტენდენციებს რომ დავუბრუნდე, მე კარგად მახსოვს ჩემი თავი, რაც ახლოს იყო ჩემთან – ეს [ცეკვა] ძალიან მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ რაც ყოველდღე ცხვირწინ გიდევ, უკვე იმდენად კარგად იცი და შენია, რომ ცდილობ რაღაც სხვა ნახო,“ – საკუთარ მისწრაფებებზე, ოჯახსა და შვილებზე ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ილიკო სუხიშვილმა ტელეკომპანია პირველი არხის გადაცემა „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში“ ისაუბრა.
„ჰიპ – ჰოპი“ და „ბრეიკდანსი“ იყო, როცა დავიწყე სერიოზულად ცეკვის შესწავლა. მეგონა, რომ ეს არის პიკი ქორეოგრაფიის. დღესაც ასე ვფიქრობ, „ჰიპ – ჰოპი“ დღემდე გამყვა – ეს ისეთი კულტურა შემოვიდა უცებ, რომ მართლა გარდატეხა შემოიტანა, გაიდგა ფესვები და დღემდე ცოცხალია.
დღესაც ფირფიტების მაღაზიაში რომ შევდივარ, ერთ „ჰიპ – ჰოპის“ ფირფიტას გამოვიყოლებ ხოლმე.
„ჩემი საქმის გამგრძელებელი, ვფიქრობ, იქნებიან შვილები, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობ ამაზე. რაც უფრო დრო გადის ბევრი მეკითხება ამას.
შვილებთან მისაუბრია ამ თემაზე, თვითონაც მოსწონთ ძალიან და ყველა ფოტოაპარატით დადის. ყველას უნდა მუსიკის კეთება, ხატვა, „არტში“ არიან. მე მომწონს ეს „არტი“.
ამიტომ, მე მგონია რომ ეს [სუხიშვილები] მათთვის არის რაღაც ისეთი, რაზედაც დაიწყებენ ფიქრს, ვნახოთ..
მე მახსოვს ისეთი პერიოდი, როცა ვერც წარმოედგინათ ჩემს მშობლებს, ან ბაბუაჩემს და ბებიაჩემს, რომ ამ საქმეს გავაგრძელებდი..
ვერც წარმომედგინა, რომ შევძლებდი.
მე ეს პასუხისმგებლობა რომ გამეაზრებინა, სადღაც გავიქცეოდი.. დასიც გვერდში დამიდგა,“- ამბობს ილიკო სუხიშვილი.