პარტია „ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე სახელმწიფოს მოუწოდებს, ახალგაზრდა ოჯახებს პირველი უძრავი ქონება დაუსუბსიდიროს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნაბიჯი ოჯახების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„კობახიძის ცინიზმს უნდა დავუპირისპიროთ რეალური პოლიტიკა, რომელიც დღეს სახელმწიფოს არ გააჩნია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა ახალგაზრდა ოჯახების მიმართ. ევროპის ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი პროგრამები ახალგაზრდა ოჯახების მიმართ. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასობით ახალგაზრდა ოჯახს უწევს კრედიტის გადახდა დიდი ხნის განმავლობაში, ამას ემატება გაზრდილი ფასები ყველა მიმართულებით. ჩემი შეთავაზებაა სახელმწიფომ დაასუბსიდიროს ახალგაზრდა ოჯახების პირველი შენაძენი ბინა/სახლი. ეს არის აპრობირებული მეთოდი ბევრ ქვეყანაში. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ოჯახების გაძლიერებას და არ გვექნება ის შედეგი, რაც დღეს განქორწინებების მიმართულებით გვაქვს, დიდი ნაწილი სწორედ ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება“, – აცხადებს ანა დოლიძე.