ბოლნისში, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი სკოლის მოსწავლის მამა ექიმებს და პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს.
მოზარდის მამა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მედიკოსებმა მის შვილს სამედიცინო დახმარება დროულად არ გაუწიეს და კლინიკაში არ გადაიყვანეს.
14 წლის ელჩინ ბითანოვის მამის თქმით, სწორი რეაგირება რომ ჰქონოდათ ექიმებს, შესაძლოა, მისი შვილი ცოცხალი ყოფილიყო.
„ახლა ძალიან ემოციურად ვარ, ჯერ შვილი უნდა დავკრძალო და მერე მივხედავ ყველაფერს. გუშინ, როცა პოლიცია მოვიდა, ჩემი შვილი უგონოდ მიწაზე ეგდო, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. პოლიციაც და სასწრაფოც მკვლელს იცავდნენ და მალავდნენ. ჩემი შვილისთვის სასწრაფოს დროულად რომ მიეხედა, იქნებ გადარჩენილიყო. მკვლელი მთვრალი იყო. იმ ადგილას, სადაც ავარია მოხდა, სკოლის შემოსახვევია და წესით, სიჩქარე უნდა შეენელებინა, მაგრამ ის დიდი სიჩქარით მოდიოდა და შვილი მომიკლა. მთელი სოფელი ჩემს გვერდითაა“, – ამბობს დაღუპულის მამა.
„შემთხვევამ ადგილობრივები გააბრაზა და სასწრაფოს მანქანა გადაატრიალეს“ – რას წერს სამირა ბაირამოვა სოფელ ნახიდურში მომხდარ ავარიაზე, რომელსაც ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს სოფელ ნახიდურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.