LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილი, თეკლა, 100 %-იანი, 84 000 დოლარის დაფინანსებით აშშ-ში, მაღალი დონის კერძო სკოლაში ისწავლის“ – ჟურნალისტი ლელა ბაღდავაძე შვილის წარმატების შესახებ

151
ლელა ბაღდავაძე

ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მთავარი რედაქტორი ლელა ბაღდავაძე საკუთარი შვილის წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ლელა ბაღდავაძე წერს, მისმა შვილმა, თეკლა მესხი ამერიკული ASSIST-ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული გახდა და სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაღალი დონის კერძო სკოლაში 100 %-იანი, 84 000 დოლარის დაფინანსებით გააგრძელებს.

„ხომ გიფრენიათ სიხარულით „მეცხრე ცაზე“? პირადად მე ფრთების ასე გაშლა მხოლოდ მაშინ შემიძლია, როცა სიხარულის მიზეზი ჩემს შვილებს უკავშირდება.

რამდენიმე დღის წინ საოცარი წერილი მივიღეთ – ჩემი შვილი, თეკლა მესხი ამერიკული ASSIST-ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია! თეკლა სექტემბრიდან, 100 %-იანი დაფინანსებით [84 ათასი დოლარი], აშშ-ში, მაღალი დონის კერძო სკოლაში ისწავლის.

თეკლას არ უყვარს საჯაროდ ქება, წინასწარ ჩამომართვა პირობა, რომ მასზე ბევრს არ დავწერდი, ასე რომ, მოკლედ ვიტყვი: უზომოდ შრომისმოყვარე, საოცარი გონების პატრონი და გამორჩეული უნარების მატარებელია, ამიტომ მჯერა, რომ ამ პრესტიჟული სტიპენდიის მიღება, წარმატებისკენ მიმავალ გრძელ გზაზე, მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.

უფრო ბევრი უნდა ვთქვა მათზე, ვისი წვლილიც თეკლას გაზრდა/ჩამოყალიბებაში გადამწყვეტია – სწორი საფუძველი შეუქმნა და შემდეგ უკვე განვითარების სწორი მიმართულებით წაყვანა უზრუნველყო ჩვენმა სკოლა – „აია-GESS“-მა, რომელსაც ჩემი სამივე შვილი ვანდე! – სკოლა, რომლის სახელის ქვეშ ყოფნა გავალდებულებს იყო შრომისმოყვარე და „გაიძულებს“ გქონდეს ამბიციური მიზნები! ზღვა რაოდენობის დამატებითი აქტივობა, თემატური კლუბები და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროექტები, ბავშვებს არ უტოვებს სხვა გზას, გარდა იმისა, საკუთარ თავში დაინახონ სრულიად სხვანაირი, უკეთესი „მე“ იმ უნარებით, რის შესახებაც მანამდე წარმოდგენა არ ჰქონიათ… მხოლოდ ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში, თეკლა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტით სტუმრობდა ესპანეთს, ისლანდიას, დიდ ბრიტანეთს, ორ კვირაში კი ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად ამერიკაში მიემგზავრება. ხანდახან მგონია, რომ სკოლის ჰიპერაქტიური დირექტორი, რომელსაც მოსწავლეთა გაცვლა/გამოცვლის ხიდები ამერიკა-ევროპა-აზიასთან უკვე გადებული აქვს, მალე „აია-ჯესელებს“ მარსზეც წაიყვანს. Rusudan BolkvadzeAia-Gess მადლობა თქვენი შრომის და ისეთი თაობების გამოზრდისთვის, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებიდან წამოსულ მოსწავლეებთან კონკურენციაში შესვლა!

წარმატებები თეკლას და წარმატებები ამერიკა-ევროპაში მოფენილ ყველა „აია-ჯესელს“ – დაე, იბრწყინეთ ბავშვებო, ჩვენ კი – თქვენს მშობლებს, მასწავლებლებს და გულშემატკივრებს, თქვენთან ერთად გველივლივოს ბედნიერების და სიხარულის „მეცხრე ცაზე“!

მადლობა სასტიპენდიო პროგრამა ASSIST-ის ხელმძღვანელობას თეკლასთვის მიცემული შანსის და მისი გამორჩევისთვის ისედაც გამორჩეული ახალგაზრდებიდან!

პ.ს. თეკლა ამერიკულ გზას სექტემბრიდან დაადგება, იქამდე კი წინ ინგლისი ელოდება, სადაც მსოფლიოს 27 ქვეყნიდან შერჩეულ სტიპენდიატებს თავად ASSIST-ი უმასპინძლებს“, – წერს ლელა ბაღდავაძე სოციალურ ქსელში.

ხომ გიფრენიათ სიხარულით „მეცხრე ცაზე“? პირადად მე ფრთების ასე გაშლა მხოლოდ მაშინ შემიძლია, როცა სიხარულის მიზეზი ჩემს…

Posted by Lela Baghdavadze on პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g