გასულ ღამეს, აქციაზე 19 წლის სანდრო ბუკია დააკავეს. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებულის დედა ყვირის, „ჩემი შვილია, ეპილეფსია აქვს“.
სანდრო ბუკია პირველი არხის ოპერატორი და გიგა კიტიას დის შვილია. გიგა დის შვილის დაკავების თემაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საკუთარი და, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ამოიცნო.
„ჩემი და, ფორმულას ვიდეოში ამოვიცანი და იქ გადამეკეტა: ძალები მოვიკრიბე და ეგრევე დავპოსტე 1tv.ge შიდა ჯგუფში. დედაჩემი ტირის და მუშტს ირტყამს თავში… გზად 112 ში დავრეკე და იქაური ბიუროკრატიული კითხვა-პასუხებიც მოვილიე. დედა მეორე დის სახლში დავსვი და ეგრევე ტელევიზიისკენ წავედი. იქ ჩემი გენ.დირექტორი და მთელი ღამის ჯგუფი დამხვდა. სრულიად არაადეკვატური ვიყავი. ვთხოვე დროულად გამოეცხადებინა ეთერში და პარალელურად შსს-იც დაირეკა…
0:30 წამიდან აქ, ჩემი სანდროს დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს პირველი არხი.
სანამ იზოლატორამდე მივედი გამოუშვეს და გარეთ დამხვდა ოჯახთან და ახლობლებთან ერთად უმოწყალოდ ნაცემი თავის, სახის და სხეულის მრავლობითი დაზიანებით. მალევე კერძო კლინიკაში გავუშვით და ჯერაც ველოდებით ზოგადი კვლევის და ტომოგრაფიის პასუხს!
მადლობა ყველას, გაწეული დახმარებისთვის და გულისხმიერებისთვის!.. ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენია არსებობა და ნურც თქვენ გაიადვილებთ ხვალინდელ დღეს. დაფიქრდით და დადექით მედგრად ❤️🫂🇬🇪🙏🏻🇪🇺“, – წერს გიგა კიტია.