LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს, შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია სურათს თვალებში შევხედო“ – გიგა ოთხოზორიას დედა

148
გიგა ოთხოზორია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ საზღვართან, 30 წლის საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.

იგი აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

დღეს მის საფლავზე ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.

გიგა ოთხოზორიას დედის თქმით, მისი შვილის მკვლელი ამ დრომდე თავისუფლად დადის და მისი დასჯის იმედიც უკვე აღარ აქვს.

“8 წლის თავზე კიდევ არ მინდა გავიმეორო ის, რასაც ტელეეკრანის წინაშე ჩემი შვილის საფლავთან წელიწადში ორჯერ ვამბობ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ძალისხმევით გიგას მკვლელობის საკითხი გავიდა სტრასბურგის სასამართლოზე და დადებითად გადაწყდა, ცნეს რუსული მხარე დამნაშავე პირად და გამოიტანეს შესაბამისი ბრძანებულებაც, მაგრამ 8 წლის მანძილზე ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს. ალბათ, კიდევ გავა წლები და ისევ, იგივე სურათი იქნება. შესაძლებელია, მე აქ არც ვიდგე. ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია სურათს თვალებში შევხედო, იმიტომ, რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე. წ. სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს თავიანთი სურვილის გამოხატვის გამო. არ უნდათ საქართველო რუსებს დაუთმონ. ღმერთმა ქნას ისე წავიდეს საქმე, რომ არ მოვექცეთ ისევ რუსეთის კლანჭებში“, – განაცხადა გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ.

ცნობისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g