22 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ კომპოზიტორი სოსო ბარდანაშვილი ესტუმრა, რომელმაც ისაუბრა 25-წლიან მოღვაწეობაზე და იმ ონლაინ გამოწვევაზე, რამაც სრულიად მსოფლიომ მოიცვა.
25 წელია ისრაელში მოღვაწეობთ, თუმცა, თქვენს ქვეყანას არ ივიწყებთ, როგორია დღევანდელი გადმოსახედიდან ეს 25 წელი, რომელიც იუბილესავით ყველა მეგობარმა მოგილოცათ?
ძალიან მნიშვნელოვანია 25 წლის გასვლა. ჩემი ბიჭი უკვე 18 წლისაა, რომელიც აქ დაიაბადა და გადავწყვიტე მივსალმებოდი ჩემს მეგობრებს, 25 წელი მათთან ვარ. საერთოდ არ ველოდი ამდენ გამოხმაურებას. ძალიან გამიხარდა, როგორც ჩანს რაღაც გამიკეთებია ამ ცხოვრებაში, მივიღე უფრო მეტი, ვიდრე ველოდი. მიხარია, რომ ვარ ისრაელში, დასაწყისში იყო ბევრი სირთულე, მაგრამ უკვე გაიარე. ვარ კომპოზიტორი, რომელსაც აქვს თავისი სახელი და ადგილი, ვმუშაობ კინოსა და თეატრში, ასევე მაქვს ბევრი დაკვეთები, რაც ძალიან მახარებს.
შეეგუეთ თუ არა მარტივად ონლაინ გამოწვევას?
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ძალიან მომეწონა ონლაინ გამოწვევა. როდესაც ლექციებზე მივდივარ ძალიან გადატვირთულია გზები, 10 წუთის გზაზე მისვლას საათნახევარი ვუნდები. ამიტომ ძალიან სასიამოვნოა ონლაინ ჩართვები, სახლში ვარ, ვასწავლი და ყავასაც მივირთმევ. მოსწავლეებსაც ძალიან მოსწონთ ეს ფორმატი, რადგან უფრო კონკრეტული გახდა მუშაობა, კომპოზიციას ვგულისხმობ. თუმცა, ცოტა მოვიწყინეთ, ცოცხალი შეხება ადამიანთან სულ სხვაა, გასვლა, მეგობრებთან კონტაქტი, კოლეგებთან საუბარი ბევრს ნიშნავს. ამ პერიოდში მოვნახე დრო, რომ ჩემს თავთან დავრჩენილიყავი და მეფიქრა, ჩავატარე სერიოზული კვლევა საკუთარ თავთან თუ სად წავიდე, რა გავაკეთო. ჩემი მეუღლე ექიმია ამიტომ ის ძალიან დაკავებული იყო. რთულია ისრაელში წესების დაცვა, ამიტომ ძალიან გამიკვირდა ადამიანების ასეთი მობილიზება, ყველა დარჩა სახლში. თუმცა, როდესაც ორი თვის შემდეგ გამოვედით გარეთ, ყველამ დაივიწყდა პრობლემები, რეგულაციები და კულტურაც კი ამუშავდა. კონცერტები ჩატარდება მცირე მასშტაბში, დაახლოებით 500 კაცამდე, პირობები კი ის არის, რომ 2 მეტრიანი დისტანცია აუცილებელია. ძალიან გაუჭირდა ხალხს, თუმცა ვფიქრობ ნელ-ნელა ისევ დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს და პირობებს.
გაქვთ თუ არა ისეთი ნივთი ოთახში, რომელიც საქართველოს გახსენებთ?
მაქვს ნიკო ნიჟარაძის ნახატი, როდესაც ერთად ვმუშაობდით მულტფილმზე, ძალიან მიყვარს ეს ნახატი. კადრში ხედავთ ალბათ გიორგი შენგელაიას ფილმის სურათსაც, ეს ადამიანი ჩემი საყვარელი პიროვნებაა, გულდასაწყვეტია ასეთი ხალხის წასვლა, დღემდე მიჭირს. მისი ხსოვნისთვის ორი ნაწარმოები დავწერე, რომელიც უცხოეთიდან დამიკვეთეს. ღმერთს დაავიწყდა, რომ ასეთი ადამიანები სჭირდება ერს ძალიან დიდხანს. ასევე მაქვს უამრავი ქართული წიგნები და ნახატები.
აღნიშნეთ, რომ ბევრი ადამიანი გეკონტაქტებოდათ კონკრეტულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით, სად მოვისმეთ ამ ნაწარმოებს?
უნდა შესრულდეს ორი ნაწარმოები, რომელიც გიას ხსოვნას ეძღვნება. ერთი შვეიცარიაში ,,სიონის ფესტივალზე” უნდა შესრულებულიყო, სადაც ანსამბლი ,,რუსთავი” იღებდა მონაწილეობას და ასრულებდნენ ჩემს ნაწარმოებს, რომელიც ვფიქრობ, რომ წელს აღარ ჩატარდება. ასევე მაქვს იტალიიდან დაკვეთა, რომ დავწერო სავალდებულო საკონცერტო ნაწარმოები მათთვის, რომელზეც ახლა ვმუშაობ. სანამ ჩაგერთვებოდით გიორგი ცაგარელმა მომწერა, რომ უნდოდა ჩაეწერა ჩემი ნაწარმოები, რომელიც გია ყანჩელს მივუძღვენი. ჩემი თავი საქართველოს გარეშე ვერ წარმომიდგენია, რომ გამომაგდოთ მაინც დავბრუნდები. პირველ რიგში მე ვარ ქართველი კომპოზიტორი, ისრაელში ყველას წყდება გული ასე რომ ვამბობ.