LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ყოველი 31 დეკემბერი ზაფხულში უკვე დაგეგმილია… სახლში ახალი წელი და ფუსფუსი რა არის, მე და ჩემმა კოლეგებმა არ ვიცით…“ – სტეფანე მღებრიშვილი

16
სტეფანე

26 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის წინასაახალწლო გადაცემას „არის 2023“ მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ახალი წლის სამზადისზე, დაგეგმილ ღონისძიებებზე და მის ახალ სიმღერაზე „გაიღიმე“ ისაუბრა.

სტეფანე, როგორი იყო შენთვის 2022 წელი?

ფანტასტიკური წელი იყო, ნამდვილად ძალიან მადლიერი ვარ ამ წლის. პანდემიის შემდეგ ამ წელს შევძელით სირცხვილის და სინდისის ქენჯნის გარეშე კონცერტების ჩატარება.  კონცერტების კუთხით საკმაოდ დატვირთული წელი მქონდა. ასევე ჩავწერე სიმღერა „გაიღიმე“. მატება გვაქვს სახლში, 2022 წელს პატარა ლეკვი მოვიყვანეთ. ჩემთვის ყოველი წელი ფანტასტიკურია, როცა ვიგებ, რომ ყველა კარგად, ჯანმრთელად არის, ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამის გამო ღმერთის მადლიერი ვარ ხოლმე, დანარჩენს უკვე თავისით შეძლებს ადამიანი.

როგორ ემზადები ახალი წლისთვის?

ჩემი ყოველი 31 დეკემბერი ზაფხულში უკვე დაგეგმილია ხოლმე, რადგან მოგეხსენებათ, აქტუალური ვარ მაგ ამბავში. ბევრი მეკითხება, სად გაქვთ კონცერტი, რომ მოვიდეთო, მაგრამ ესე კონცერტი არ მაქვს, კორპორატიული საღამოები მაქვს 31 დეკემბრიდან 20 იანვრამდე. დეკემბერი რომ დგება, ჩემს თავს სულ ვეუბნები, ხომ იცი, ახლა უნდა გაუძლო და ეს სირთულე გაივლის-მეთქი, რადგან ეს წარმოუდგენელი, გაუსაძლისია ყველა არტისტისთვის. მე 18 წლიდან მოყოლებული ვერასდროს ვხვდები, რომ ახალი წელი მოდის. ყოფილა, რომ ტაქსიში, სცენის ქვეშ შევხვედრილვარ ახალ წელს და უცხო ადამიანები მილოცავდნენ. სახლში ახალი წელი და ფუსფუსი რა არის, მე და ჩემმა კოლეგებმა არ ვიცით. როგორი არის ახალი წელი, მე ვერ ვხვდები და კმაყოფილი ვარ, რომ ვერ ვხდები, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ მაქვს სამსახური. ეს დღე ჩვენთვის სამსახურის მხრივ არის მნიშვნელოვანი, „ოქროს დღეს“ ეძახიან.

ახლო მომავალში თუ არის დაგეგმილი შენი კონცერტი?

კი, 14 თებერვალს „მონო ჰოლში“, იქამდე არ იქნება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „გაიღიმე“.

სიმღერის ვიდეო რგოლი „Metro production“-მა, რეჟისორმა გიორგი მეშველიანმა (ავი მუსაიფი) გადაიღო. საკმაოდ შრომატევადი, რთული გადაღებები იყო, ფაქტობრივად ფილმი გადავიღეთ. მოგეხსენებათ, კლიპში მთავარ როლში გია სურამელაშვილია. სიმღერა და ტექსტი მე მეკუთვნის. არანჟირება ნიკა კოჩაროვმა გააკეთა. ჩაწერილია „leno records“-ში. მგონი, გამოგვივიდა, რადგან ეს სიმღერა 2 კვირა პირველ ადგილზე იყო „ტრენდში“.

 

სტეფანე – გაიღიმე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები