LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემი ყველა სიმღერა ეძღვნება სიყვარულს” – ეკა კვალიაშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

33
ekakvaliashviligvinodudukistp

რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ მომღერალი ეკა კვალიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მოგვიტანა ახალი სიმღერა ,,გეძახი რომ მიყვარხარ”

მოგვიყევი შენს პირველ ნაბიჯებზე… როგორ მოხვედი აქამდე?

ჩემს ოჯახში მუდამ სიმღერის ხმა ისმოდა, მოგეხსენებათ მარიკა კვალიაშვილი მამიდაჩემია, რომელიც არაჩვეულებრივ საბავშვო სიმღერებს წერდა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და პირდაპირ ეთერში ჯულიეტა ვაშაყმაძემ წარმადგინა, მამიდაჩემის სიმღერით ,,საახალწლო”. დედაჩემი სახლში მამეცადინებდა ხოლმე, დამაყენებდა სკამზე და მიკროფონის მაგივრად იატაკის საწმენდი ჯოხით ვმღეროდი, ამიტომ ეთერში გამოვაცხადე, რომ არ ვიმღერებდი თუ არ მომიტანდნენ საწმენდ ჯოხს. მერე კი დამარწმუნეს, რომ მიკროფონში უნდა მემღერა. 16 წლის ასაკში ვმღეროდი თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში-გეპეიში, სადაც სოლისტი ვიყავი, ამავდროულად მქონდა ჩემი სიმღერები, რომელიც მოისმინა გივი გაჩეჩილაძემ მოეწონა და გააორკესტრა, მარჯანიშვილის თეატრში მოხდა სიმღერის ჩაწერა, ეს პერიოდი ყველაზე კარგად მახსენდება.

ზეგავლენას თუ ახდენდა შენზე ვინმეს შესრულებული სიმღერა?

ზეგავლენის ქვეშ არასდროს არ ვექცეოდი, არავის ნამღერზე, უბრალოდ მყავდა რჩეული მომღერლები, მათ შორის იყო სტივი უანდერი, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, ყველა მისი სიმღერა ვიცოდი ზეპირად. მის კონცერტზეც კი მოვხვდი ვარშავაში. სულ მაინტერესებდა რაში მდგომარეობდა ეს მელიზმატიკა და სიმღერის კულტურა. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და გითხრათ, რომ ახალბედა მომღერლებისთვის მოვიფიქრე ღია ეთერი, იუთუბ არხზე, სადაც დავიწყებ ღია გაკვეთილების, მასტერკლასების ჩატარებას, თუ როგორ უნდა მიიტანონ მსმენელამდე სიმღერა.

ნანა ცინცაძის ახალი ლექსების კრებული მქონდა სახლში, დავდე პიანინოზე ამოვარჩიე ლექსები და რამდენიმე სიმღერა დავწერე ერთდროულად. სიმღერა, რომელიც ახლა შევასრულე, მაშინ დავწერე. ჩემი ყველა სიმღერა ეძღვნება სიყვარულს, სიცოცხლეს და ადამიანურ გრძნობებს.

 როგორც უკვე გვითხარი აპირებ მასტერკლასების ჩატარებას, ამაზე რომ უფრო დეტალურად გვესაუბრო?

მაქვს ჩემი იუთუბ-არხი, რომელსაც ადმინი ყავს, ასევე მაქვს ფეისბუქ გვერდი, სადაც ვაპირებ ვიდეო გაკვეთილების ჩაწერას თემაზე, თუ როგორ უნდა აეწყოს სიმღერა, ვოკალი. მყავდა დეიდა ნანა გიგუაშვილი, რომელმაც გამატარა ვოკალის კურსები და ვარ ვოკალისტი. ჩემს გამომწერებს შეეძლებათ დაესწრონ ლაივ გაკვეთილებს. მინდა სიხარულით და სიყვარულით ეს ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ.

ახლა კი ვისაუბროთ მიშა ზაქარიაშვილის სიმღერაზე ,,თბილისის მზე”, რომელსაც გავაჟღერებთ ჩვენს ეთერში?

მიშა ზაქარიაშვილის სიმღერები ძალიან მიყვარს, უნიჭიერესი ადამიანია. ეს სიმღერა, როდესაც ჩავწერე, გავაკეთეთ ორი ვარიანტი ერთი ქალაქური, მეორე კი ცოტა განსხვავებული, თანამედროვე. მიყვარს ეს სიმღერა, ერთი ძალიან კარგი სიტყვებია მასში ,,თბილისში კაცი არ გიღალატებს”.

სიმღერის პრემიერა ,,გეძახი რომ მიყვარხარ”…

კომპოზიტორი არის რუსა მორჩილაძის, ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს, ჩავწერეთ მარიკა ქაცარავას სტუდიაში. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, რომ მომიწვიეთ, ასევე ყველა ჩვენს მსმენელს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით.

 

ეკა კვალიაშვილი – გეძახი რომ მიყვარხარ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ეკა კვალიაშვილი – ცოტა კიდევ მოითმინე გულო. Live

 

ეკა კვალიაშვილი – ერთადერთო. Live

 

ეკა კვალიაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები