LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემო მაიკო, უსაზღვროდ გამაკვირვა შენმა პოსტებმა, ყველაფერს მოველოდი ამის გარდა” – თენგიზ ცერცვაძე კოლეგის კრიტიკას პასუხობს

32277
BeFunky-collage (7)

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ხშირად პასუხობს კრიტიკულ შენიშვნებს იმასთან დაკავშრებით, რაც კორონავირუსის მართვის მიმართულებით გამოითქმის.

ამჯერადაც, ცერცვაძე კოლეგის კრიტიკის საპასუხოდ პოსტს აქვეყნებს.

ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

“ჩემო მაიკო, უსაზღვროდ გამაკვირვა შენმა პოსტმა, უფრო სწორად შენმა პოსტებმა. ყველაფერს მოველოდი ამის გარდა. საინტერესოა, რამ გაიძულა ისეთი რაღაცის გაკეთება, რასაც ჩემი ყველაზე მარგინალური ოპონენტებიც კი არ აკეთებენ და რატომ აირჩიე ცნობილი არაკის „კუ და მორიელის“ პერსონაჟის როლი. დავიჯერო, ვერ ხვდები, რომ შენს პოსტებში ყველა წინადადება აცდენილია სინამდვილეს, ზოგიერთი კი დიამეტრალურად საპირისპიროა. განსაკუთრებით მიუღებელია შვილდაღუპული მშობლებით სპეკულირება. საიდან მოიტანე, რომ მათ არაკორექტულად ველაპარაკები. COVID იმდენად ვერაგი დაავადებაა, რომ სამწუხაროდ, შვილდაღუპული მშობლები ყველა ქვეყანაში არიან და თან გაცილებით მეტი, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ამის გამო პანდემიის მაჩვენებლების სტატისტიკაზე და მათ ანალიზზე უარი არსად უთქვამთ. ჩვენი ყველა მონაცემი აღებულია უცვლელად ევროპის და მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული და სანდო ინსტიტუციებიდან (ECDC, ჯანმო, Worldometers) და რა ვქნათ დავმალოთ, რომ რიგი მთავარი მაჩვენებლების მხრივ, როგორიცაა: ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფს შორის გარდაცვალების სხვებზე დაბალი პროცენტი, მათ შორის ბოლო 1 თვის და ბოლო 1 კვირის მანძილზეც, ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვალების ძალიან დაბალი რიცხვი და სხვ. ევროპის ბევრ ქვეყანაზე გაცილებით უკეთესი მაჩენებლები გვაქვს? ეს უნდა გაღიზიანებდეთ, თუ გიხაროდეთ? მაინცდამაინც აპოკალიფსი გინდათ რომ იყოს? რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, მათ შორის ახალგაზრდა ასაკში, არ მგონია, საქართველოში ჩემზე მეტად განიცდიდეს ვინმე ამას ან ჩემზე მეტს აკეთებდეს იმისთვის, რომ COVID გარდაცვალების შემთხვევები კიდევ უფრო ნაკლები იყოს. ან „ზღვა დაფინანსება“ საიდან მოიტანე. კარგად იცი, რომ ყოველთვის არსებობისთვის ბრძოლა გვიწევდა და ამის მიუხედავად შევძელით ქვეყნისთვის თავიდან აგვეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, ვყოფილიყავით უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ძირითადი ინიციატორი და შემსრულებელი და ახლა ვიყოთ COVID-თან ბრძოლის წინა ხაზზე. ან რა „ღმერთების სამსხვერპლოზე“ და „კორუფციაზე“ აკეთებ მინიშნებებს? ვითომ არ იცი, რომ ჩვენი ცენტრი ქვეყანაში ლამის ყველაზე არაკორუმპირებული დაწესებულებაა, ხოლო პირადად მე ჩემი 50-წლიანი საექიმო პრაქტიკის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან ერთი თეთრიც კი არ ამიღია, არც სალაროთი და არც სალაროს გარეთ. ან კიდევ ვერ ხვდები? რომ თუ ისევ თქვენი მიზეზით „სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ანალიზი ჩავარდა და გაფუჭდა“ და ამაზე უსიამოვნება შეგვხვდა და შენ ამ დროს ისიც არ იცოდი „გეცინა, თუ გეტირა“, ეს შენზე კარგს არაფერს ამბობს.
მაიკო! ისეთი შეურაცმყოფელი პოსტები რომ დაწერო ვინმეზე, როგორიც შენ დაწერე და თან ყოვლად უსაფუძვლოდ, ამისთვის რაღაც იმაზე სერიოზული მიზეზი და მოტივაცია უნდა გქონდეს, ვიდრე ის, რომ მე COVID გარდაცვალების სტატისტიკას ვაქვეყნებ. ან კიდევ, 20 წლის წინანდელი რაღაც ფაქტები, მათ შორის გამოგონილი. ხომ არ იცი, რა არის ეს მიზეზი? შენ არ იყავი, რომ ჩვენგან წასვლიდან კარგა დიდი ხნის შემდეგ შენივე ხელნაკეთი მინანქრის ნაკეთობა მაჩუქე და თან „დიდი სიყვარულით და პატივისცემით“. იმის მერე რაიმე შეიცვალა? როდის იყავი გულწრფელი – მაშინ, თუ ახლა?
ისე, შენი საქმის შენი იცი. „სანთელ-საკმეველი“ თავის გზას მაინც არ დაკარგავს.”-წერს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, მაია ზარანდია თენგიზ ცერცვაძეს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ცერცვაძეს ევროპის მასშტაბით არ ელაპარაკებიან.

აგრეთვე ზარანდიას თქმით, ცერცვაძე, შვილდაღუპულ მშობლებს არაკორექტულად ესაუბრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g