LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემო თამაზ! ამ სტრიქონებს სულში ჩაღვრილი ცრემლით ვწერ… მზარავს სამეგობროში გაჩენილი სიცარიელე. რა ვქნა, ვიცინო თუ ვიტირო: ტარიელ ხარხელაური ემოციურ პოსტს აქვეყნებს

373
Capture12312313212

თამაზ მეჭიაურის მეგობარი, ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პირველ აპრილს ზურა ქაფიანიძის და თამაზ მეჭიაურის დაბადების დღეა. როგორც ტარიელი წერს, მას „სამეგობროში გაჩენილი სიცარიელე ზარავს, რადგან არ იცის იცინოს თუ იტიროს. საამისო ძალა ჩამოღვენთილ სანთელს დაემგვანა…“.

„ჩემო თამაზ!
ამ სტრიქონებს სულში ჩაღვრილი ცრემლით ვწერ…

არ გაგიკვირდება, რადგან ვინ, თუ არა შენ, შეიძლება იცოდეს, რომ დიდი ხანია ასეთი ცრემლი ჩემი წუთისოფლის საგზალია… ნურავინ დააბრალებს ცრემლებს გულჩვილობას, რადგან გულჩვილობის შესაფასებლად არ გამოდგება და მით უმეტეს, არც გასამართლებლად. გულჩვილობას სხვანაირი ცრემლი აქვს, მსუბუქი და ლირიკულიც კი. მძაფრი ტკივილით მომდინარე ცრემლი მეხთა ტეხვას ჰგავს, რომელიც მარტოდ დარჩენილი კაცის გულგატეხილობაზე საუბრობს… მძიმედ, კანტი კუნტად მოსწვეთავენ ღაწვებზე და არც მარილიან კვალს ტოვებენ. არაფერზე გესაუბრებიან და სხვათა დასანახად არ ჟონავენ გულის კედლებიდან…
ჩემო თამაზ!

პირველ აპრილს ჩვენი ზურა ქაფიანიძის დაბადების დღეა, არა მხოლოდ ჩვენი დიდი მეგობრის, სრულიად საქართველოს მეგობრის. როგორ მიმძიმს და მეუხერხულება უშენოდ ზურას საფლავთან დგომა. მარტოობის განცდა მაკრთობს, მაშინებს… მეგობრული მარტოობის სიცარიელე არ მიყვარს და მით უმეტეს, მზარავს სამეგობროში გაჩენილი სიცარიელე. ახლა დიდი ილიასი არ იყოს, რა ვქნა, ვიცინო თუ ვიტირო, ვერც ერთს მოვაბამ თავს, ვერც მეორეს, რადგან საამისო ძალა ჩამოღვენთილ სანთელს დაემგვანა… და მაინც…

როგორ იმგზავრე, ლომო!..

დღენი ყვითლობენ, დამოკლდნენ,
ვერ შეძლეს არე მოჩრდილონ,
არ მოსტყდე მუხავ! არ მოსტყდე –
ქარებს არ დაემორჩილო.
თუ გაგაბეზრონ ხეთქებით.
თვალები მოგიწყლიანონ,
არ გააცინო ღმერთები –
ლოცვად არ დასდგე ტიალო…

(ძველი რვეულიდან)

ამ რწმენით
ტარიელ ხარხელაური“, – წერს ტარიელ ხარხელაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები