LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს გულისტკივილს გამოვხატავ – ლევანის ნამღერის კოპირება არასწორად მიმაჩნია…“ – რაზე სწყდება გული ლევან კბილაშვილის დედას – მელიტა ფურცელაძემ შვილის ხსოვნის პატივსაცემად მუზეუმი მოაწყო

1651
ლევან კბილაშვილი

2026 წლის ივნისში 4 წელი შესრულდება, რაც ცნობილი მომღერალი ლევან კბილაშვილი მოსკოვში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზამ დაადგინა – ანევრიზმა. ლევანის შესრულებები მისი ოჯახისა და თაყვანისმცემლებისთვის, რომელთა რიცხვი მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით ძვირფასი გახდა. ლევანის დედა, მელიტა ფურცელაძე ყოველდღიურად იღებს უამრავ წერილს ინტერნეტის საშუალებით არა მხოლოდ საქართველოდან ლევანთან დაკავშირებით, ლევანის საფლავზე კი ოჯახის წევრებს მუდმივად ხვდებათ ყვავილები და სხვადასხვა საჩუქარი. თბილისში ლევან კბილაშვილის პატარა სახლი დიდ მოგონებებს ინახავს, მისი ნივთების სახით – პატარა ფართი ახლა მუზეუმადაა ქცეული… ლევანის დედას მისი შესრულებების მოსმენა აღარ შეუძლია, მხოლოდ თვალს თუ შეავლებს კადრებს… მესიჯები კი, რომლებიც ლევანისგან ჰქონდა მიღებული, იმ ტელეფონთან ერთად დაიკარგა, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ მოპარეს…

ლევანზე თქვენთან საუბარი მტკივნეულია, მაგრამ ალბათ, შვების მომგვრელიც არის…

ეს მგონი, გახსენებაც აღარ არის, ყოველდღიურად იმდენი ადამიანი საუბრობს მასზე, რომ ასე მგონია, ისევ აქ არის და ჩვენთან ერთად არის. არ მეგონა, რომ ისეთი რამ მოხდებოდა, რაც ახლა ჩვენ გარშემო ხდება – ყოველდღე უცხო ადამიანი რეკავს, ახალ-ახალი ზარებია, ან საფლავზე მოდიან. თუმცა ეს სიტყვა ძალიან მაღიზიანებს… სულ ვამბობ, რომ ლევანიკოსთან მოდიან, ან ლევანიკოსთან მივდივარ… რეკავენ მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები, ისეთი ადამიანები, რომლებიც მას საერთოდ არ იცნობდნენ. ვერ გეტყვით, ამას რა სახელი უნდა დავარქვა. ამას წინათ, შეტყობინება მივიღე ქართველი გოგონასგან, რომელიც ასევე არ იცნობდა პირადად ლევანს, ამანათი გამოგვიგზავნა, ლევანიკოსი და ასევე ჩემი და ლევანის სურათის სახით, რომელიც ახლა ოთახში მაქვს დაკიდებული კედელზე. თუმცა ჩემთვის მოკითხვა და იმის ცოდნა, რომ ადამიანებს ლევანი ახსოვთ, ძალიან მნიშვნელოვანია… საფლავზე მისვლისას სულ გვხვდება სუვენირები, საჩუქრები, ანგელოზები, სათამაშოები, ყვავილები… ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძვირფასია… იმ ადამიანებისთვის ლევანი როგორი ძვირფასია, ეს ნამდვილად ვერ წარმომედგინა… ცოტა დრო ხომ არ გავიდა? ჩემთვის ეს დიდი დრო არ არის, თითქოს გუშინ იყო. ოთხი წელი გახდება ივნისში… ჩემთვის დრო გაჩერდა… ყოველ წუთს რომ უცხო ადამიანი რეკავს, წარმოუდგენელია…

მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. თქვენც ალბათ ხშირად უყურებთ მის ბრწყინვალე შესრულებებს…

ვერა, ვერ ვუყურებ… თუ ვინმე გამომიგზავნის გარკვეულ ვიდეოებს, ამ შემთხვევაში ვნახულობ ხოლმე, თუმცა მოსმენა ძალიან მიჭირს. მის სიმღერებს ვერ ვისმენ, ვიზუალურად შემიძლია ვუყურო…

დედა ხართ და ყველაზე მეტად გულშემატკივრობდით, მის სიცოცხლეში თუ გქონდათ ეს განცდა, რომ თქვენი შვილი ძალიან მაგარი მომღერალი იყო?

არასოდეს! და ეს განცდა თავადაც არ ჰქონდა!.. ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, დედა-შვილობაზე მეტი. ლევანიკოსა და ჩემს უფროს ვაჟს შორის სხვაობა ათი წელია, დას, სალომეს შორის – 7. მთელმა ოჯახმა ერთად გავზარდეთ ლევანიკო, 33 წლის ვიყავი, ის რომ გაჩნდა. ხუთი წლის იყო, ცეკვაზე რომ მივიყვანე, თუმცა თავად არ მოინდომა… სხვათა შორის, ძალიან კარგი მონაცემები ჰქონდა. ჩემი მეუღლე ძიუდოისტია, ჩემი უფროსი ვაჟიც და ლევანიც დადიოდა ძიუდოზე. ჩემს მეუღლეს უნდოდა, რომ ამ მიმართულებით წასულიყნენ… თავადაც უნდოდათ… მაგრამ ყველა მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება. სულ 3-4 წლის ასაკში, როცა ტელევიზორთან იჯდა და მუსიკას უსმენდა, განსაკუთრებული, უცნაური რეაქცია ჰქონდა. მერე თავად დაიწყო სიმღერა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, არავის უსწავლებია. შემდეგ მივიყვანეთ რობერტ ბარძიმაშვილთან. ლევანს ხალხური სიმღერების შესრულება მოსწონდა, თუმცა ბატონმა რობერტმა მირჩია, ისეთი ხმა აქვს, ხალხურ სიმღერას ყოველთვის იმღერებს, მოდი, ჩემთან მოიყვანეო. ბატონმა რობერტმა გაზარდა. 11 წლის ასაკში ნატო გელაშვილთან მივიყვანე. ნატო რომ დაჯდებოდა ინსტრუმენტთან და დაიწყებდა სიმღერას ლევანთან ერთად, მერე თავადვე გაიცინებდა, დავიმხეთ თავზე ყველაფერიო. ერთად რომ მღეროდნენ, ეს ერთი კონცერტი იყო. ლევანთან ერთად ნატოს აქვს ჩაწერილი სიმღერა – „ქარი ჩადგა“, რომელიც ნატოს ალბომშია შესული. მაშინ ლევანი 12 წლის იყო.

ლევანს არასდროს ჰქონია იმის შეგრძნება, რომ განსაკუთრებული და ვინმესგან გამორჩეული იყო. ძალიან უბრალო ადამიანი იყო ყველაფერში აბსოლუტურად. არასოდეს ყოფილა შეყვარებული ბრენდებზე, ტელეფონებზე, მანქანებზე, მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ეცვა. ერთხელ ტელეფონი დაკარგა და დიდი ხანი ფანრიანი „ნოკიით“ დადიოდა.

პირად განცდებს გიზიარებდათ?

ყველაფერი ვიცოდი. არ ვიცი, რამ განაპირობა ეს ურთიერთობა. სანამ სკოლაში მივიდოდა, მისი ძიძა იყო ეთერი ბებო, ბებიებს ვერ მოესწრო და ეთერი ბებო, მგონი, ჩვენზე ძალიან უყვარდა… სკოლიდან სიმღერაზე დაჰყავდა ხოლმე. სამსახურიდან რომ გამოვდიოდი, ლევანიკოსთან აუცილებლად უნდა მივსულიყავი და წამომეყვანა. რეპეტიციაზე ვიჯექი და ვესწრებოდი, როცა ნანა გოგიშვილთან ინდივიდუალურად მეცადინეობდა. ერთად გავიზარდეთ, ფაქტობრივად და ერთად ვიყავით. იყო გარკვეული თემები, რასაც ალბათ, არ მომიყვებოდა, მაგრამ თითქმის ყველაფერი ვიცოდი მის შესახებ. სხვათა შორის, ჰქონდა საოცარი თვისება, გოგოს ზედმეტად არასდროს შეხედავდა…

დიდი სიყვარული იყო მის ცხოვრებაში?

„ჯეოსტარის“ პერიოდში ჰქონდა გატაცება, მერე მოსკოვში მოსწონდა ერთი გოგონა და ერთ მშვენიერ დღეს გამოგვიცხადა მე და ჩემს მეუღლეს, რომ მისი ცოლად მოყვანა უნდოდა. მე ნაკლებად მქონდა რეაქცია, მაგრამ ჩემს მეუღლეს არ ესიამოვნა. მერე ლევანმა თავად გადაიფიქრა იმ გოგონას ცოლად შერთვა.

ახლახან ტელეფონი შევცვალე და ბევრი რამ ახალ ტელეფონში არ გადმოვიდა… ასე დაიკარგა ბევრი რამ. ყოველ წამს და წუთს ვკითხულობდი, მესიჯებს ვწერდი, ალერგიული იყო ძალიან, ამაზეც ვღელავდი, კოვიდის პერიოდში რომ ცივდებოდა, სულ მწერდა, რას სვამდა, რას ჭამდა… ტელეფონის დაკარგვის შემდეგ სამი დღე გლოვა მქონდა, ისეთ დღეში ჩავვარდი. იქ მისი ხმოვანი შეტყობინებებიც ინახებოდა – „დე, დავგლიჯე ყველაფერი, დე, იცი, რა მაგარი კონცერტი მქონდა?“ – ამას მხოლოდ მე მწერდა, გარეთ არასდროს არავის ეტყოდა…

თბილისში რომ ჩამოდიოდა, სულ უკვირდა ადამიანების ყურადღება. ერთხელ მითხრა, ზოგმა ისეთმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, გამარჯობასაც რომ არ ველოდებოდიო. ბოლოს ვკითხე, რატომ გიკვირს-მეთქი. ერთხელ ზაზა ჭინჭარაულმა, მისმა ახლო მეგობარმა უთხრა, შენ შენი თავის ფასი არ იციო… ზუსტად ეს სიტყვები გავახსენე, არც მაშინ იცოდი შენი თავის ფასი და არც ახლა იცი-მეთქი…

არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ, რომ არ უთხარით?

ჩემი შვილები ისე გაიზარდნენ, არასდროს მითქვამს მათთვის, საუკეთესოები ხართ-მეთქი. შეიძლება, დავაშავე და უნდა მეთქვა… ალბათ, უნდა მეთქვა…

მისი სიცოცხლის ბოლო დღეები როგორი იყო?

12 ივნისს მოსკოვში გრანდიოზული დაბადების დღე მოუწყვეს, არ ელოდა, ამდენი ხალხი თუ იქნებოდა მოწვეული, ფაქტობრივად, კონცერტი გაუკეთეს. შემდეგ გაემგზავრა ფესტივალზე, სადაც მსოფლიოდან მუსიკალური ჯგუფები იკრიბებოდნენ. ლევანიკო მიიწვიეს სტუმრის სტატუსით, მერე კი უკვე, როგორც მონაწილე. ძალიან დიდ სივრცეში სხვადასხვა სცენა დგას და არაერთი მუსიკოსი გამოდის. მსმენელს სადაც უნდა, იქ მივა და მოისმენს, ერთმანეთს ხელს არ უშლიან… ლევანიკო ძალიან დიდ სცენაზე გამოდიოდა, როცა სცენაზე დადგა, სცენის წინ მხოლოდ 20 კაცი იყო. ლევანმა ორგანიზატორებს უთხრა, რომ 20 კაცის წინ არ გამოვიდოდა, ორგანიზატორმა კი უპასუხა, თქვენ სიმღერა დაიწყეთ და ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ სცენასთან მსმენელი შეიკრიბებაო. პირველივე სიმღერის შემდეგ მოიმატა და მოიმატა მსმენელმა და ბოლოს, როგორც დაითვალეს, სადღაც 20 000 კაცი შეიკრიბა მის სცენასთან… ეს იყო მისი ბოლო კონცერტი…

მანამდე თბილისში იყო ჩამოსული და თქვა, ძალიან დაღლილი ვარო, მამა შალვას სთხოვა და მონასტერში წავიდა. კელიაში იყო 10 დღის განმავლობაში, შემდეგ სურათებიც გამომიგზავნა, რაღაცას აშენებდნენ და ლოდებსა და ქვებს ეზიდებოდა ბერებთან ერთად. იქ ისწავლა ფსკვნილების გაკეთება. რომ ჩამოდიოდა, ფსკვნილებს აკეთებდა… გიშრის თვლებიანი ფსკვნილი ეკეთა. მითხრა, რომ სცენაზე, სიმღერის დროს ეს ფსკვნილი გაუწყდა და გიშერები სცენაზე მიმოიფანტა. ძალიან განიცდიდა ამ ფსკვნილის გაწყვეტას… მაშინ არ მიფიქრია, მაგრამ ალბათ, ნიშანი იყო. მისთვისაც, როგორც ჩანს, ნიშანი იყო…

ქალბატონო მელიტა, მისი გარდაცვალების მიზეზი, როგორც ვიცი, ანევრიზმა გახდა?

დასკვნაში ასე წერია… როცა ლევანის ამბავი მოხდა, ლუბა უსპენსკაიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა, ლუბას სიგიჟემდე უყვარდა და დიდ პატივს სცემდა ლევანიკოს – ჯერ ტაძარში დაასვენეს, შემდეგ ექსპერტიზაც გაკეთდა და ისე გადმოასვენეს. სხვანაირად არ იყო შესაძლებელი გადმოსვენება და ამიტომ გახდა აუცილებელი ექსპერტიზის გაკეთება, თორემ მე არაფრის ეჭვი არ მქონდა. მას რომ ფეხი სტკიოდა და მენჯი აწუხებდა, მაშინვე ვთქვი, ხომ არ შეიძლებოდა, რომ ეს თრომბი ყოფილიყო… პირველად დასკვნაშიც უკვე იყო მითითებული ანევრიზმა, რომელიც საბოლოო დასკვნაში დადასტურდა. ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ ვერ მოვიფიქრეთ მისი თავის გადაღება, რადგან მე პატარა ბავშვივით დამყვებოდა თან… თუმცა ჩემი შვილი მეუბნება, რომ თავის ემერტეს გადასაღებად არ გამომყვებოდა… ყველანაირი გამოკვლევა გავუკეთეთ, ბოლოს რომ ჩამოვიდა, მარტში, მაგრამ თავის ემერტე ვერ მოვიფიქრეთ, ამას ვინ გათვლიდა… ფეხზე ოპერაციის გაკეთებასაც გეგმავდა, თუმცა ურჩიეს, რომ მაქსიმალურად დაეცადა, თუ ტკივილები ასატანი იქნებოდა, ჯოხით დადიოდა და თითქოს მიეჩვია ამ ჯოხს, ასე გოგონებს უფრო მოვწონვარო…

ლევანმა კოვიდი ორჯერ გადაიტანა, პირველად ძალიან რთულად, გასტროლების შემდეგ, სადაც ლუბა უსპენსკაიასთან ერთად იყო, მეორედ თბილისში შეხვდა. სხვათა შორის, კოვიდის მერე იმდენი კონცერტი და შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ მაინც საქართველოში დაბრუნება უნდოდა და ფიქრობდა, რომ აქედან ივლიდა კონცერტებზე… სიგიჟემდე უნდოდა თბილისში კონცერტის გაკეთება, მაგრამ ეს ოცნება აუსრულებელი დარჩა…

თქვენს სახლში ლევანის მუზეუმი გააკეთეთ?

როცა ლუბა უსპენსკაიას მენეჯერი მოსკოვში მის პატარა ბინაში მივიდა, თქვა, ნამდვილი ხელოვანის სახლში აღმოვჩნდიო. ლევანი ხატავდა და მისი ნახატები და ნივთები შემდეგ ჩვენ გამოგვიგზავნეს. ჩვენს სახლში, მეორე მხარეს, არის პატარა ფართი, სადაც ლევანიკოს ნივთები შევკრიბეთ. არ ვიცი, შეიძლება, წინათგრძნობაც მქონდა, ბოლოს ხელი რომ დაიბანა და პირი გაიწმინდა, ის პირსახოცი ისე დავდე და არც გამირეცხავს, არც თეთრეული. ახლა ვფიქრობ და გული მისკდება, რატომ არ გავრეცხე… უცნაური ოთახი გამოვიდა, გამოსვლა რომ არ მოგინდება, ასე ამბობენ…

მინდა გკითხოთ თქვენი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ის ამჟამად კლინიკაშია… როგორ გრძნობს თავს?

იმ დღიდან, სადაც ლევანი დავტოვეთ, როგორც წესი, მე და ჩემს მეუღლეს, დღე არ ჩაგვიგდია, ასე ვიარეთ შარშან იანვრამდე… სახლიდან არ გავსულვარ, ჩემთვის დამთავრდა ყველაფერი, არ გამოვდივარ და არც მინდა… მაგრამ ამ ყველაფერმა ორივეს, მეც და ჩემს მეუღლესაც შეგვირყია ჯანმრთელობა. ჩემს შვილს ვერ გავიგე, რა სჭირდა და მე გავიგო, რა მჭირს? ექიმებზე უარი ვთქვით და ორივეს ჯანმრთელობის რთული პრობლემები შეგვექმნა. არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ სულ იმას ვამბობ, ალბათ, არ უნდა ჩვენი წაყვანა ჯერ… აზრი არა აქვს არაფერს. როგორ გადააქვთ დედებს ეს ყველაფერი? ჩემს თავს ვერ მოვერიე… ფიქრადაც ვერ ვიაზრებ იმას, ვის უნდა დავუნთო სანთელი… ის ვერ განვსაზღვრე, რომ ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემებით სხვებს შევუქმენით დიდი პრობლემები… რით დამთავრდება ჩვენი გზა, ვერ გეტყვით…

რაიმე თუ გაქვთ სათქმელი ლევანთან დაკავშირებით?

გული გამისკდება, ეს რომ არ ვთქვა – რამდენად სწორია, არ ვიცი. ადამიანი რომ მიდის, მერე ხდება ყველაფერი, მერე აფასებენ ან ძალიან ცუდად, ან ძალიან კარგად. ლევანის შემთხვევაში უცნაურად კარგად მოხდა ეს შეფასება. ლევანმა სული და გული ჩადო თავის ჯგუფის შექმნაში და ალბომში, რომლის გამოსვლასაც, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო. არანჟირებებსაც თავისი გემოვნების მიხედვით აკეთებდა და თავისი ინტერპრეტაციითა და იმპროვიზაციით მღეროდა. ყველა მღერის ქართულ სიმღერას და აღარ არსებობს სიმღერა, რასაც სხვადასხვა მომღერალი არ ასრულებს, მაგრამ ლევანმა თავისებურად გააკეთა, თავისებურად აამღერა და ჩაწერა. სხვათა შორის, ძალიან კარგი ალბომი გამოვიდა. ზაზა, მისი მეგობარი, არ ივიწყებს ლევანს და ეძებს, სულ რაღაცას პოულობს. ახლაც ფონოგრამა გააკეთა ლევანის სიმღერაზე. გული მწყდება და არ მივესალმები, რომ ლევანის შექმნილ ფონოგრამაზე ზუსტად ლევანისნაირად ცდილობენ შესრულებას. მესმის, რომ ძალიან მოსწონთ… შენ რომ ზუსტად ისე მღერი, ზუსტად იმ ფონოგრამაზე, რომ გინდა მიბაძო და გამოგდის თუ არა, ეს მეორე საკითხია… ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და უფრო მეტად წარმატებული იყოს, ვიდრე ლევანია, იმაზე მეტად დაფასებულიყვნენ, ვიდრე ლევანი იყო და არის, მაგრამ ჩემს გულისტკივილს გამოვხატავ. ლევანის ნამღერის კოპირება არასწორად მიმაჩნია. სწორად გამიგეთ. არ ვიცი, თავად ლევანი რას იტყოდა, მაგრამ ერთ შემთხვევაში ნაწყენი იყო და ვიცი, რომ ეწყინებოდა რაღაცები ახლაც… ლევანს გოგი დოლიძეს არ ვადარებ, ეს როგორ შეიძლება, ჩემი პირიდან ეს სიტყვები არასდროს ამოვა, მაგრამ ერთი სიმღერა მოსწონდა მისი რეპერტუარიდან. მაშინ ვუთხარი, შვილო, ეს არის გოგი, გოგის რომ მიბაძო, მაინც არ გამოგივა მისნაირად-მეთქი… არის რაღაც, რასაც ვერ შეეხები… ვფიქრობ, ის ადამიანებიც დამეთანხმებიან და ვერ შემეკამათებიან, ვინც ამას ბედავს და აკეთებს… ბოლოს, ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ გაითვალისწინონ ჩემი ეს მოსაზრება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g