LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს მშობლებს ყოველთვის უნდოდათ, რომ მომღერალი ვყოფილიყავი… ვუთხარი მათ, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარებდი, თუ მანქანას მიყიდდნენ“ – პაატა ბურჭულაძე

11
პაატა-ბურჭულაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ პაატა ბურჭულაძე სტუმრობდა, რომელმაც წარმატებული კარიერის დასაწყისი გაიხსენა და მსმენელს სიმღერა „ზამთარია“ წარუდგინა.

ბატონო პაატა, ვიცი, რომ თქვენს მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ კონსერვატორიაში ჩააბარეთ, ვისაუბროთ ამ პერიოდზე,

არასდროს მინდოდა მომღერლობა, მინდოდა, რომ მამაჩემის მსგავსად, მეც ინჟინერი ვყოფილიყავი და ამიტომ ჩემი ნებით და სურვილით „პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში“ ჩავაბარე. ჩემს მშობლებს ყოველთვის უნდოდათ, რომ მომღერალი ვყოფილიყავი და კონსერვატორიაში მათი თხოვნით ჩავაბარე. ვუთხარი მათ, რომ კონსერვატორიაში ჩავაბარებდი, თუ მანქანას მიყიდდნენ. მადლობა ღმერთს, რომ მამაჩემს ამის საშუალება ჰქონდა და მანქანა მიყიდა, მას რომ მანქანის ყიდვა არ შეიძლებოდა, მე დღეს მომღერალი არ ვიქნებოდი. ყოველთვის მრცხვენოდა სცენაზე გამოსვლა, ბაფთის გაკეთება… აღმაშენებლის გამზირი მაშინ პლეხანოვი იყო, მე კი პლეხანოველი ბიჭი ვიყავი. პლეხანოვი, ასე ვთქვათ, „მოძველბიჭო“ ბიჭების იყო. ძველ ბიჭს მაშინ ვაჟკაც ადამიანს ვეძახდით, იმას, ვინც ყოველთვის დაეხმარებოდა გაჭირვებულს და არა იმას, ვინც ცუდ საქმეს გააკეთებდა. დღეს ცოტა სხვა გაგება აქვს ძველ ბიჭს, რაც მე ძალიან არ მომწონს. მაშინ იყო ასეთი მოსაზრება, რომ ბაფთით გამოსვლა არ შეიძლებოდა და მე პლეხანოველი ბიჭი ბაფთას როგორ გავიკეთებდი.

როდის გადალახეთ ეს სირცხვილის მომენტი? ვისაუბროთ თქვენს სადებიუტო გამოსვლაზე,

კონსერვატორიაში მესამე კურსზე მომიწია სცენაზე გამოსვლა და უცებ გაისმა ისეთი ტაში, რომელსაც არ ველოდი. იმ დროს ვიფიქრე, მომღერლობასაც არა უშავს-მეთქი (იცინის). ადამიანი ერთხელ სცენაზე ტაშს რომ მიიღებს, მერე ის სცენას ვეღარ ტოვებს. აი ეს იყო ჩემი ნამდვილი პირველი აპლოდისმენტები და მერე ასე გავყევი მუსიკას. ორი დიპლომი მაქვს, კონსერვატორიის და პოლიტექნიკუმის. პოლიტექნიკუმის დიპლომი საერთოდ არ გამომიყენებია ცხოვრებაში, არსად გამომდგომია. სხვათა შორის, კონსერვატორიის დიპლომიც არსად გამომდგომია. სიმღერა თუ შეგიძლია, დიპლომის გარეშეც კარგი მომღერალი ხარ. პავაროტის არ ჰქონდა კონსერვატორიის დიპლომი, მაგრამ ხომ ხედავთ, რას მიაღწია.

მინდა, გავიხსენოთ ლუჩიანო პავაროტი, პლასიდო დომინგო, ხოსე კარერასი, თქვენი მათთან ურთიერთობა და მეგობრობა,

სამივესთან ძალიან კარგი მეგობრობა მაკავშირებდა ყოველთვის. ხოსე კარერასი და პლასიდო დომინგო თბილისშიც იყვნენ ჩამოსულები და მათთან დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი ლუჩიანო პავაროტი იყო, რომელიც სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მე ფაქტობრივად 1984 წელს ავიდგი ფეხი, როცა ლონდონის „კოვენტ გარდენში“ ჩემი პირველი გამოსვლა იყო ლუჩიანო პავაროტისთან ერთად. იმ სპექტაკლში ლუჩიანო პავაროტი რომ არ ყოფილიყო, იმხელა ყურადღება არ იქნებოდა და ჩემი კარიერაც ასე არ წავიდოდა. ამის შემდეგ ჩვენ ძალიან დავმეგობრდით, მან მთელი მსოფლიო შემომატარა და ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოს გააცნო ჩემი თავი.

არიან ისეთი ადამიანები, ვინც ხელი შეუწყვეს თქვენს წინსვლას, მშობლების გარდა, კიდევ ვის მიუძღვის წვლილი თქვენს წარმატებაში?

წარმატებისთვის ადამიანს უნდა ჰქონდეს იღბალი, რასაც მე, ალბათ, არ ვუჩივი ჩემს ცხოვრებაში. ის, რომ მე ზემოთ აღნიშნულ სპექტაკლში მოვხვდი, შემთხვევითობა და იღბალი იყო. 1983 წელს ჩავედი მოსმენაზე ლონდონში და 1984 წელს იყო სპექტაკლი, სადაც ლუჩიანო პავაროტი იღებდა მონაწილეობას და რომელსაც ზუბინ მეტა დირიჟორობდა და ბანის პარტია თავისუფალი იყო. ამის შემდეგ მე რომ პავაროტიმ წამიყვანა და მთელი მსოფლიო შემომატარა, კარაიანმა თქვა, პაატა ბურჭულაძე მეორე შალიაპინი არისო და ეს მაშინ ლონდონის „Time“-ში დაიბეჭდა. აი ეს არის იღბალი, ერთმა ლეგენდამ მეორე ლეგენდასთან მიმართებაში მახსენა და მათ შორის ჩემი სახელის გაჟღერება საკმარისი იყო იმისთვის, რომ დიდი კარიერა დაწყებულიყო.

ვისაუბროთ თქვენს კონკურსზე, რომლის ფარგლებშიც აღმოაჩინეთ ნიჭიერი გოგონა, ბაია ბერიშვილი. კიდევ თუ გეგმავთ მსგავსი კონკურსის ჩატარებას?

მოდით, კონკურსს ნუ დავარქმევთ, ეს არ იყო კონკურსის, ეს იყო მოსმენა. ჩავატარეთ მოსმენა, რომლის ჟიურისაც მარინა ბერიძე და გოჩა დათუსანი ხელმძღვანელობდნენ. ვეძებდი ისეთ ბავშვს, რომელსაც მართლა სასწაული კარიერის გაკეთება შეუძლია, ვეძებდი რაღაც განსაკუთრებულს და მოინახა ეს 17 წლის გოგონა, ბაია ბერიშვილი, რომელიც უკვე სწავლობდა ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში, ძალიან კარგ პედაგოგთან. დღესდღეობით მიდის ბაიასთან მუშაობა და საქართველომ უკვე ფაქტობრივად გაიცნო ის. ბაია დეკემბერში 18 წლის ხდება და მან კონსერვატორიაში უნდა ჩააბაროს და ჩემთან ისწავლოს. დარწმუნებული ვარ, კონსერვატორიის დამთავრებაც არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ მან საერთაშორისო სცენებზე იმღეროს. მოსმენა ყოველ ორ თვეში ერთხელ გვაქვს, ბოლოს ნოემბერში ჩავატარეთ და იანვარში აუცილებლად ისევ გვექნება.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ზამთარია“, რომელიც დღეს შეემატება „არ დაიდარდოს“ მუსიკალურ ბაზას,

სიმღერის ავტორია თამაზ ჯორბენაძე, რომელიც ჩემი მეგობარი იყო, ერთად ვსწავლობდით კონსერვატორიაში. ერთხელ ვიღაც ახალგაზრდა გოგომ დამირეკა, მოვიდა ჩემთან და მთხოვა, მამამისის სიმღერა ჩამეწერა. მე რაღაც არასერიოზულად შევხედე, კი, მაგრამ ვისი სიმღერა არის-მეთქი ვკითხე და თამაზ ჯორბენაძისო მითხრა. აი ასე ჩაიწერა ეს სიმღერა. მე მაშინ არ ვიცნობდი თამაზის ქალიშვილს, თეონას, თუმცა ამის მერე თანამებრძოლები გავხდით, ერთად შევქმენით ფონდი „იავნანა“. ამ სიმღერაზე კლიპიც არის გადაღებული, ეს არის ნამდვილი ვერსია, თუმცა ასეთი ვერსიით ბევრჯერ არ მოუსმენია მსმენელს.

 

პაატა ბურჭულაძე – ზამთარია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები