LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემს ნათესავებს ეკა ისე მოეწონათ, აგი ნამდვილად გურული იქნებაო…“ – დათო გოგიჩაიშვილის გურული ამბები

715
დათო გოგიჩაიშვილი

 „გურია თუდეი“ გვთავაზობს ექსკლუზიურ ინტერვიუს დავით გოგიჩაიშვილთან, რომელიც გურიაში გატარებულ ბავშვობას იხსენებს და ასევე ოჯახის შესახებაც საუბრობს.

დავიწყოთ ბავშვობით, როგორც გურულები იტყვიან, „ეშმაკი“ ბაღანა იყავით?

დათო გოგიჩაიშვილი:

ეშმაკიც, ცელქიც, „უჟმურიც“ და მეტიც, რთულად აღსაზრდელიც. ყველა ბავშვი განსხვავებულია, ყველა ბავშვი უცნაურია, თუმცა ჩვენ, მშობლებს, გვახასიათებს ხოლმე ამ განსხვავებულობების დათრგუნვა და სტანდარტიზება. მე შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა და ჩემი ეს „განსხვავებულობა“ და ჰიპერაქტიურობა ცხოვრებაში გამოსადეგ თვისებებში ითარგმნა და ამაში დიდი დამსახურება მიუძღვით ჩემ მშობლებს და რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი ძმის გამზრდელ ბებიას.

მე ვიყავი ჯიუტი, აკვიატებებით აღსავსე, რთულად საურთიერთო ბავშვი. რამეს თუ ავიჩემებდი, ყველა გზას მოვნახავდი მიზნის ასასრულებლად. ცნობილია, რომ „საჭირო ოთახში“ ვიკეტებოდი ხოლმე (სტრატეგიული ადგილი მომიფიქრებია) და სანამ ველოსიპედს არ მიყიდდნენ, არ გამოვდიოდი. არც ტკბილი ლაპარაკი ჭრიდა და არც მკაცრი.

მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ?

ჩემი ცოლი ეკა ასათიანია. ერთმანეთი გავიცანით ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ეკა თბილისელია, მაგრამ ასათიანების გვარი, საერთოდ, წარმოშობით ლეჩხუმიდან არიან. როცა ეკამ და მე ოჯახი შევქმენით, პირველი სადაც წავედით, ეს იყო გურია. ჩემი ნათესავები ეკას მოეფერნენ, ჩაეხუტნენ და ეკამ დღის ბოლოს გურულებზე შთაბეჭდილება გამიზიარა: ძაან თბილი ხალხია, მაგრამ კითხვას როცა დამისვამენ, პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ, უკვე შემდეგი კითხვა აქვთ დასმულიო. ჩემს ნათესავებს ეკა ისე მოეწონათ, აგი ნამდვილად გურული იქნებაო.

ეკა ისე შეეჩვია უკვე გურიას, რომ ზაფხულში ერთი სული აქვს ხოლმე, როდის მოვახერხებთ ჩამოსვლას. განსაკუთრებით უყვარს ლილი დეიდა, აჩიკო ბიძია, ელისო ჭიჭინაძე, ჰამლეტი გოგიჩაიშვილი, ნინო ტუღუში და პრინციპში ყველა.

ნიკოლოზი უკვე 13 წლისაა და ასევე სიამაყით და ბედნიერებით უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან უყვარს გურიაში ზაფხულში დროის გატარება. იმ ეზოში რომ ნიკოლოზი დარბის, სადაც მე დავრბოდი მისი ასაკის როცა ვიყავი, ფილოსოფიური ფიქრები მომეძალება ხოლმე: ასე მგონია, ჩემს ბავშვობას ვუყურებ.

მამაჩემთან, ანუ თამაზი ბაბუასთან ერთად, ძაან სასაცილო სანახავია, როგორ სეირნობენ ერთად ჭინათში. ნიკოლოზმა იცის, სად არის „გოჩას წყარო“ (იცის, ვინ იყო გოჩა) „რუსლანის წყარო“ (შესაბამისად, ვინ იყო რუსლანი), მაღაზიასთან რომ ადრე სოფლის „ბირჟა“ იყო, სოფლის კლუბში რომ კონცერტებს ვდგამდით ხოლმე, ლესაში სტადიონზე ფეხბურთის ჩემპიონატში რომ ვთამაშობდით, გალიჩქა ბებიას „გოგლი-მოგლი“ რომ ყველაზე მეტად მიყვარდა და ა.შ.

სტუდენტებმა მოგიწყვეს სიურპრიზი და თქვენს საცხოვრებელ სახლზე სოფელ ჭინათში აბრა დაკიდეს: დავით გოგიჩაიშვილი #23. რამდენად მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის და 23-ს რაიმე მნიშვნელობა ხომ არ აქვს?

კი, იყო ასეთი ამბავი: ეს ადამიანების მენეჯმენტის კურსია, სადაც მენეჯერები იღებენ მონაწილეობას. ერთ-ერთმა ჯგუფმა, კერძოდ 23-ე ჯგუფის წევრებმა ასეთი რამ გადაწყვიტეს, რომ სიურპრიზი გაეკეთებინათ ჩემთვის, წასულიყვნენ გურიაში, ჩემ სოფელში, იმის გათვალისწინებით, რომ გურულ ამბებს მენეჯმენტის კურსზე ხშირად ვყვები ხოლმე და ვითომ ჩემი „ქუჩა“ გაეხსნათ. თან ვიდეოზე ჩაწერეს ჩემი ნათესავები. დაუვიწყარი ამბავი იყო, რა თქმა უნდა.

23 ჩემი საყვარელი რიცხვია (13-თან ერთად), ჯერ ერთი იმიტომ, რომ 23 რიცხვში ვარ დაბადებული, მეორე იმიტომ, რომ ე.წ. „ნამდვილი რიცხვია“ (ანუ იყოფა მხოლოდ 1-ზე და თავის თავზე) და ასევე, ეს რიგით 23-ე ჯგუფი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g