ზუგდიდში, 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ძალადობის შესახებ ახალგაზრდა ქალი „ტვ პირველთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ და მეუღლის მამამ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ იძალადეს და დაზიანებების კვალი მთელ სხეულზე აღენიშნება.
მისივე თქმით, ქმრის ოჯახმა თბილისიდან ზუგდიდში მოტყუებით ჩაიყვანა და შვილის წართმევით ემუქრებოდნენ.
„ჩემზე მოხდა ძალადობა 17 ნოემბერს, საღამოს. ჩემზე იძალადეს ჩემმა მეუღლემ, დათა პაპავამ და ჩემმა მამამთილმა კობა პაპავამ. იქ იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილი, ვის წინაც მოხდა ეს ძალადობა, იმყოფებოდა ჩემი დედამთილი, რომელმაც ატეხა კივილი რომ წაერთმიათ ჩემთვის შვილი. დაზიანებები მაქვს, სილურჯეები მაქვს, ტკივილები მაქვს ძლიერი ზურგის არეში, – ამბობს „ტვ პირველთან“ თამარ ბულია.
თამარ ბულიას დედამთილი ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მან დაზიანებები მანქანიდან გადმოსვლის დროს მიიღო.
