LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჭიაკოკონობას” საბურავების დაწვის შემთხვევაში 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებით

175

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს „ჭიაკოკონობაზე“ არ დაწვან საბურავები, რადგან ეს მათივე ჯანმრთელობას შეუქმნის პრობლემებს.

იმ შემთხვევაში კი, თუ მაინც დაწვავენ საბურავებს, ან სხვა ნარჩენებს, კანონის თანახმად,  200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდებიან.

სამინისტრო განცხადებას ავრცელებს :

“საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. „ჭიაკოკონობა” იმართება. კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, რაც ქალაქებსა და რეგიონებში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას – არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები. რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.

განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს.”

 

magti 5g