ჩინეთს შეუძლია, ამინდი აკონტროლოს და სურვილისამებრ შეცვალოს – გასულ წელს, პეკინში წვიმა ხელოვნურად შეაჩერეს.
ამის შესახებ Euronews წერს, ამინდის ხელოვნურ ცვლილებას კი ცინხუას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა ადასტურებს.
მიზეზი საპატიო იყო – გასული წლის ივლისში, ქვეყანა ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა და ხელისუფლებას სურდა, ზეიმს ათასობით ადამიანი კარგ ამინდში დასწრებოდა.
მართლაც, სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, ტიანანმენის მოედანზე შეკრებილი ათიათასობით ადამიანი, ღონისძიებას უჩვეულოდ მოწმენდილი ცის ქვეშ დაესწრო.
სპეციალური ტექნოლოგია ღრუბლების მასას აკონტროლებს და საჭიროებისამებრ – შლის, ან ამკვრივებს. ტექნოლოგია ჰაერში ქიმიკატების გაფრქვევას ითვალისწინებს.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ბოლო 13 წლის განმავლობაში, ამინდის მანიპულაციის მცდელობებზე ჩინეთის მთავრობამ მილიარდობით ევრო დახარჯა.
