ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭეძიანგის (Zhejiang) პროვინციის ქალაქ იუში (Yiwu) ორი „ქართული ღვინის სახლი” გაიხსნა. როგორც ”ფორტუნას” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღვინის სახლები ადგილობრივ მომხმარებელს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას შესთავაზებს.
”აქ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება არა მარტო ღვინოს, არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიასაც გაეცნოს. ქართული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით “ქართული ღვინის სახლი” ჩინეთის სუოლუნ კომპანიისა და ქართული მხრიდან „თბილინვესტ ჯგუფის” ერთობლივი პროექტია, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და რომლის ფარგლებშიც ბოლო 8 თვის განმავლობაში ჩინეთის ჭეძიაგისა და სინძიანის პროვინციებში უკვე რვა ქართული ღვინის მაღაზია-სალონი “ქართული ღვინის სახლი” გაიხსნა”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, ბრენდი – „ქართული ღვინის სახლი” ჩინური კომპანია „სუოლუნის” მიერ პირველად გასულ წელს ჭეძიანის (Zhejiang) პროვინციაში შეიქმნა და ადგილობრივ პარტიორებთან ერთად კომპანია მთელი ჩინეთის მასშტაბით, წლის ბოლომდე 80-მდე ფილიალის გახსნას გეგმავს.
„სუოლუნ კომპანის” ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ „ქართული ღვინის სახლი” ჩინეთში საკმაოდ პოპულარული გახდა და მისი რაოდენობის ზრდა ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ჩინეთის მასშტაბით დღეისათვის სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიიების მიერ ბოლო ორ წელიწადში გახსნილია რამდენიმე ათეული ქართული ღვინის ობიექტი – მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა.
2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-3 ადგილზე დაიკავა, ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.