ქალაქ ნანჩანგში ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი და ღვინის სავანე ”ჯუნგე” გაიხსნა. როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ცენტრში ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ქართულ კულტურასა და ისტორიას გაეცნოს.
ნანჩანგის ქართული ღვინის სახლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და მუზეუმს, სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზებს, ენოთეკას და ქართულ რესტორანს მოიცავს.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში უკვე ოთხ ათეულამდე ქართული ღვინის სახლია. მიმდინარე წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაორმაგდეს.
ჩინეთის მასშტაბით, დღეისათვის, სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიების მიერ ბოლო ორ წელიწადში რამდენიმე ათეული ქართული ღვინის ობიექტია გახსნილი – მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა.
2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-3 ადგილზეა და ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 148%-ით გაიზარდა.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა Beijing er shang group Co.LTD-თან. კომპანიის პრეზიდენტ სუნ ძიესთან შეხვედრაზე თანამშრომლობის გზები ღვინის ექსპორტისა და იმპორტის საკითხები განიხილეს. აღნიშნული კომპანია ჩინეთში ერთ-ერთი მსხვილი ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 22 ტიპის, 230 სხვადასხვა სახეობის ღვინის ექსპორტს აწარმოებს. ასევე, ჩინეთში კომპანია პირველ ადგილზეა ხორცის სახეობის ექსპორტიშიც, შესაბამისად საპარტნიორო ფონდსა და მის პარტნიორ კომპანია „დერესა იბერიკოსთან“ ერთად საქართველოში ჰამონის წარმოების შემთხვევაში მისი ჩინეთში გატანის შესაძლებლობებიც განიხილეს.
შეხვედრა გაიმართა Beijing capital agro business group-თან. კომპანიის ხელმძღვანელობით რამდენიმე ღვინის სახლი გაიხსნა, მომავალში კი იგეგმება, რომ საპარტნიორო ფონდისა და რამდენიმე პარტნიორის თანაორგანიზებით ღვინის ექსპორტსი ხელშემწყობის კომპანია ჩამოყალიბდეს, რომელიც ჩინეთში ღვინის რეალიზაციაზე იქნება ორიენტირებული.