ჩინეთში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ქალი მიმართავს ე.წ. „უფროსი დის“ სერვისს, რომელიც პროფესიული კონსულტაციისა და მეგობრული მხარდაჭერის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ამის შესახებ NDTV წერს.
სერვისის ფარგლებში 30-40 წლის ქალები ახალგაზრდა გოგონებს პირადი გამოცდილების საფუძველზე რჩევებს აძლევენ, უსმენენ მათ პრობლემებს, უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას კარიერის, ურთიერთობებისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და ემოციურ მხარდაჭერასაც სთავაზობენ.
შეხვედრის ღირებულება, როგორც წესი, 150-დან 300 იუანამდეა (დაახლოებით 59-118 ლარი), თუმცა ზოგიერთი მონაწილე ანაზღაურებას არ ითხოვს და მხოლოდ კვების ან ერთობლივი აქტივობების ხარჯების დაფარვით კმაყოფილდება.
გამოცემის ინფორმაციით, სერვისის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი 27 წლის ქალმა, მეტსახელად კიკიმ, ითამაშა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ მან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ბევრმა სხვა ქალმაც დაიწყო მსგავსი მომსახურების შეთავაზება.

მომხმარებლებს ხშირად არჩევანის შესაძლებლობაც აქვთ: მათ შეუძლიათ აირჩიონ „ემოციური უფროსი და“, რომელიც მეტ თანაგრძნობასა და მხარდაჭერას სთავაზობს, ან „რაციონალური უფროსი და“, რომელიც პრობლემების უფრო ობიექტურ და კრიტიკულ შეფასებაზეა ორიენტირებული.
ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ტენდენციის ზრდა თანამედროვე ჩინურ საზოგადოებაში მარტოობის განცდის, მაღალი სამუშაო დატვირთვისა და ძლიერი სოციალური კავშირების ნაკლებობის ფონზე ხდება. ბევრი ახალგაზრდა ამბობს, რომ მსგავს შეხვედრებში პოულობს იმას, რასაც ადრე ოჯახის უფროსი წევრებისგან ან ახლო მეგობრებისგან იღებდა – ყურადღებას, რჩევას და მხარდაჭერას.
სოციალურ ქსელებში ინიციატივას ძირითადად დადებითად აფასებენ, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ ემოციური მხარდაჭერის კომერციალიზაცია გარკვეულ ეთიკურ კითხვებსაც აჩენს. მიუხედავად ამისა, „უფროსი დის“ სერვისი ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სოციალურ ტრენდად ყალიბდება.