LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩირიფრუტი“ – ტრადიციიდან თანამედროვე ბიზნესამდე

1564
მარი ჯიქია

საოჯახო ტრადიციები ხშირად იქცევა ხოლმე წარმატებული ბიზნესის შენების საფუძვლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინიციატივა, შრომა და კრეატიულობა ერთად იყრის თავს. სწორედ ასეთი ისტორია აქვს „ჩირიფრუტს“, ქართულ ხილზე დაფუძნებულ ბრენდს, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ და ვიზუალურად გამორჩეულ პროდუქტებს სთავაზობს.

მარი ჯიქია, კომპანიის „ჩირიფრუტი“ თანადამფუძნებელი და დირექტორი:

– „ჩირიფრუტი“ უკვე 12 წლისაა. ეს არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც დებმა წამოვიწყეთ (ოთხნი ვართ და აქედან ერთ-ერთი საოპერო მომღერალი გახლავთ). ერთ-ერთ დას გაუჩნდა იდეა, ჩირი გვეწარმოებინა, რაშიც შემდეგ ჩაერთვნენ ჩვენი მშობლებიც და ჩვენი საკუთარი ოჯახებიც. საბოლოოდ, ქართულმა ხილმა მოგვცა საშუალება, უნიკალური პროდუქტი გვეწარმოებინა.

– რა იყო პირველი პროდუქტი, რომელიც შექმენით და დროთა განმავლობაში რამდენად გამრავალფეროვნდა ასორტიმენტი?

–  ბავშვობიდანვე მიყვარდა სიახლეების ძიება და კონდიტერია, შესაბამისად, იდეის გაჩენისთანავე იუთუბს მივაშურე და მეორე დღესვე მზად მქონდა გოგრის ცუკატი. ის ოჯახს ვახშამზე წარვუდგინე და ამის შემდეგ აღარც გავჩერებულვართ, დავიწყეთ და დავიწყეთ ექსპერიმენტები. საწყის ეტაპზე მხოლოდ ჩირის მიმართულებას ვავითარებდით. მაშინ ჩვენი ასორტიმენტი შედგებოდა ქლიავის, მარწყვის, ვაშლის ჩირისგან, ტყლაპისგან, შემდეგ დავამატეთ ჩურჩხელა, შოკოლადი, ეს საოცარი პროდუქტი. ჩირისა და შოკოლადის სინთეზი განსაკუთრებულად შეიყვარა არა მხოლოდ ქართველმა, არამედ უცხოელმა მომხმარებელმაც. ამ ორმა პროდუქტმა იმდენი ვარიაციის საშუალება მოგვცა, რომ თვალსა და ხელს შუა გაიზარდა ასორტიმენტი.

– იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარი თქვენი მიმართულებით კონკურენტული გახდა, როგორ ინარჩუნებთ თქვენს ნიშას?

– პირველ წლებში მომხმარებლები აღნიშნავდნენ, თქვენმა ნაწარმმა ბებია და სოფელი გაგვახსენაო, ამიტომაც დავიწყეთ სოციალურ ქსელში პოზიციონირება ფრაზით „ტრადიცია ქცეული კლასიკად“. შემდეგ უკვე ვეცადეთ, ჩირისთვის განსხვავებული ვიზუალური მხარე მიგვეცა. ასევე, ტრადიციული ჩურჩხელის გარდა, მარწყვის, ალუბლის, ფორთოხლის ჩურჩხელებიც გვეწარმოებინა. მომხმარებელს ძალიან უყვარს თხილეულით, ჩირეულით, ცუკატით გაფორმებული შავი შოკოლადის ფილაც. ზოგადად, გემოების განვითარებაზე ძალიან დიდი გუნდი მუშაობს, თუმცა ვიზუალურ მხარესაც არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება. პირველი დანახვისთანავე იმიტომ ირჩევს „ჩირიფრუტს“ მომხმარებელი, რომ თითოეულ პროდუქტზე ბევრი გვაქვს ნაფიქრი, ვცდილობთ, ბუნებასთან შეხება არა მარტო შიგთავსში, გარეგნულ მხარეშიც გამოიხატოს.

– ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?

– თითქმის ყველა ასაკის მომხმარებელი გვყავს. თუკი თავდაპირველად ქართველი მომხმარებელი სიახლესთან მიმართებით ფრთხილობდა და ჩვენს პროდუქტებს უფრო ტურისტები ეტანებოდნენ, დღეს უკვე თანაფარდობაა ადგილობრივ და უცხოელ მომხმარებელს შორის.

– სად არის ამჟამად ხელმისაწვდომი თქვენი პროდუქცია?

– ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე სხვადასხვა სავაჭრო ქსელში – გალერია თბილისში, დადიანზე მდებარე ქარვასლაში, გლდანი სითი მოლში, საბურთალოზე „ფრესკოს“ სივრცეში, აგროჰაბის ოთხ ფილიალში და დუტი ფრის სამივე სივრცეში. სხვათა შორის, დუტი ფრიში უკვე ქართველი მომხმარებლებიც იმშვენებენ ხელს ჩვენს პროდუქციით უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ასეთი ფორმითაც წარსადგენად.

– განვითარების რა ეტაპზეა ამჟამად თქვენი საწარმო?

– 12 წლის წინ, როცა ეს საქმიანობა დავიწყეთ, მიზანი ერთი იყო – მომხმარებლისთვის ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტის შეთავაზება, მაგრამ შემდეგ უკვე სიტყვა ბიზნესი იმდენად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, ერთ დღესაც აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ბრენდი შეგვიქმნია. მაგრამ ბრენდი არ არის მხოლოდ ლოგო, ფერი, გემო, მას საკუთარი ხმა რომ ჰქონდეს, მუდმივად განვითარებაზე ზრუნვაა საჭირო. ამიტომაც 3 წლის წინ ნატახტარში საწარმო ნაგებობა შევიძინეთ, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა დავიწყეთ და უკვე სულ სხვა ფაზაში გადავიყვანეთ „ჩირიფრუტი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g