„ჩირკოლადი“ უახლოეს მომავალში ევროპის ბაზარზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ ”ფორტუნას” „ჩირკოლადის“ მწარმოებელი კომპანია შპს ”ბიო-მარგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი არწივიძემ განუცხადა.
მისი თქმით, გაზაფხულზე კომპანია, საკუთარი სახსრებით, სრულფასოვანი საწარმოს მშენებლობას იწყებს, რომლის დასრულების შემდეგაც პროდუქცია უკვე ევროპის ბაზრისკენ აიღებს გეზს.
”ჩამოსული იყო ჰოლანდიელი ექსპერტი, რომელიც გაეცნო ჩვენი წარმოების ტექნოლოგიებს, გაგვიწია რეკომენდაციები და მას შემდეგ, რაც გაიხსნება ჩვენი საწარმო, ექსპერტი დაგვეხმარება ევროპული ბაზრების მოძიებაში”,- განაცხადა არწივიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საწარმო ძირითადად კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობს, თუმცა თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, მსურველს სპეციალური შეკვეთის გერეშეც შეუძლია „ჩირკოლადის“ შეძენა.
არწივიძის თქმით, ერთი კილოგრამი პროდუქციის გასაყიდი ფასი 15-დან 25-ლარამდე მერყეობს.
”ვაპირებთ ასევე ხურმის ჩირის გამოშვებას. თუ აქამდე ჩვენი ყველა ჩირი მოთავსებული იყო შოკოლადში, ამიერიდან ხურმის ჩირის უშოკოლადოდ დაგემოვნებასაც შეძლებთ. ხილს ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიბარებთ. ძირითადად, ჩვენ თვითონ ვჩირავთ, თუმცა მოსახლეობის ნაწილს შეძენილი აქვს ჩვენი დანადგარები და მათ მიერ დაჩირულ ხილსაც ვიბარებთ ”- განაცხადა არწივიძემ.
საწარმო 2011 წლიდან ბაღდათში ფუნქციონირებს.