მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა სოციალური მედიაპლატფორმა 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა.
ცნობილი ხდება, რომ შესყიდვის პროცესის დასრულების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს მედიაგიგანტის გენერალურმა და ფინანსურმა დირექტორებმა.
შეგახსენებთ, ილონ მასკს 28 ოქტომბრამდე ჰქონდა დრო, „ტვიტერის“ შეძენის პროცესი დაესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სასამართლო დავა ელოდებოდა, რადგან „ტვიტერმა“ ილონ მასკს უჩივლა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილმა მილიარდერმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა „ტვიტერის“ 44 მილიარდ აშშ დოლარად შესყიდვაზე.
„ტვიტერი“ მასკს შესყიდვასთან დაკავშირებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდა, რამაც სარჩელის თანახმად, „ტვიტერი“ და მისი ბიზნესი დააზარალა.
მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ Twitter-ის მართვა კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტში რადიკალური ცვლილებებით დაიწყო.
პირველივე დღეს მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადი თანამდებობიდან გადააყენა.
დახურულ კარს მიღმა მენეჯმენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასკმა დატვიტა, რომ “ჩიტი თავისუფალია”, რითაც სავარაუდოდ ის იგულისხმა, რომ Twitter-ი მენეჯმენტის შემზღუდავი პოლიტიკისა და ცენზურისგან გათავისუფლდა, რაც როგორც მასკი ადრეც ამბობდა, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
the bird is freed
— Elon Musk (@elonmusk) October 28, 2022
მასკი გეგმავს, რომ Twitter-ზე სიტყვის თავისუფლებას უფრო მეტად შეუწყოს ხელი. ის არ ეთანხმებოდა სოციალური ქსელში მომხმარებლების სამუდამოდ დაბლოკვის აქამდე არსებულ პრაქტიკას. შესაძლოა, Twitter-ზე დაბრუნდნენ ისეთი მომხმარებლები, როგორიცაა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ამ კვირაში მასკი სან-ფრანცისკოში Twitter-ის სათაო ოფისს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა. მან ასევე გამოაქვეყნა სოციალური ქსელის სპონსორებისთვის მიწერილი ღია წერილი, რომელშიც ის ხაზს უსვამდა, რომ არ სურს პლატფორმა იქცეს ისეთ სივრცედ, სადაც ყველაფრის თქმა შედეგების გარეშე იქნება შესაძლებელი.