17 სექტემბერს, ჩხოროწყუში ორი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. გახსნის ცერემონია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და “ქართული ოცნების” ატრიბუტიკის ფონზე წარიმართა.
ლურჯი ბუშტები, ტორტი “ქართული ოცნების” ლოგოთი – ეს ყველაფერი ბაღის დირექტორმა მიმოზა დამენიამ თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების საპატივცემულოდ გაამზადა.
“კომენტარის გარეშე! ამის მეტი საქმე არ გაქვთ ჟურნალისტებს, სხვა რამეზე რომ გაამახვილთ ყურადღება?! ეს იყო დიდი მოვლენა, რომელიც 50 წელიწადში ერთხელ ხდება – ეს იყო და ეს! იქ მარტო “ქართული ოცნების” დროშა ხომ არ იყო, იქ იყო სახელმწიფოს და რაიონის დროშაც! მთავრობაში ახლა ესენი არიან და ამიტომ იყო “ქართული ოცნების” დროშა! ღონისძიების მთავარი ატრიბუტი იყო ჩვენი ბავშვები და ზღაპრული შენობა, რომელიც გაგვიკეთეს” – განაცხადა მიმოზა დამენიამ “ნეტგაზეთთან”.
აღსანიშნავია, რომ ტორტის ფოტო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე, სადაც ბაღების გახსნის შესახებ ვკითხულობთ ინფორმაციას, აღარ იძებნება.