4 მარტს, თბილისში მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – მეტეხის ხიდიდან ავტომობილის მტკვარში გადავარდნის შედეგად 27 წლის ახალგაზრდა, გიგი ზარანდია გარდაიცვალა.
ორი დღეა, სოციალურ ქსელებში გიგი ზარანდიას მეგობრები და ახლობლები მის შესახებ უამრავ ემოციურ სტატუსს ავრცელებენ. როგორც მეგობრები აღნიშნავენ, გიგის ჰყავდა მეუღლე და ელოდებოდა შვილს, 10 დღეში კი ქორწილი უნდა გადაეხადა.
გიგი ზარანდიას და მისი მშობლების შესახებ „ფეისბუკში“ წერს მისი ოჯახის ახლობელი, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლელა გულედანიც:
„ხმამაღლა ფიქრი ეპიზოდიდან ეპიზოდამდე. 5 მარტი, 2025 წელი.
სამსახურიდან მოვედი, ისევ სამსახურში მივდივარ. მთელი დღე ხობი, ჩემი გურიფული მიტრიალებს თავში. ბავშვობა თვალწინ დამიდგა. ზარანდიები… დიდი გლოვაა მათ ოჯახში. სურათის წარმოდგენაც არ მინდა.
ჩემს ბიძაშვილს ველაპარაკე, გიგის ამბავი ვიკითხე… ნატო გამწარებული ქვითინებდა და ღრიალებდა…
„დიდი თუ პატარას გული წაიღო, ლელა… ყველას უაზროდ გვიყვარდა… ბავშვი, რომელმაც არ იცოდა კონფლიქტი, ჩხუბი, ყველანაირად მშვიდი და გაწონასწორებული. რამე ცუდი მაინც ჰქონოდა?! უნაკლო იყო, ძალიან საყვარელი… თვალწინ მიდგას, როგორ შემოგვიღებდა კარს ახალ წელს… აღდგომას როგორ გვილოცავდა და თედოს ეძახდა… მისი დაბადება მახსოვს, როგორ გაიზარდა მახსოვს, ყველაფერი მახსოვს… როგორ მენანება…“
„რამდენიმე დღეა ჭორები დადის, თითქოს თავი მოიკლაო, ვიდეოზეც კარგად ჩანს, მოხვევას როგორ ცდილობს, ლელა, ვფიქრობ გაითიშა საჭესთან. პირველმა ავარიამ თავში პრობლემები დაუტოვა. საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა, ვერანაირი წამალი ვერ შველოდა. ეტყობა, გონება დაკარგა და გადავარდა, თორემ თავს რატომ მოიკლავდა, 10 დღეში ქორწილი უნდა გადაეხადა. მაისში ბავშვს ელოდებოდა. სამსახური ჰქონდა, არ უჭირდა. ყველა ერთად ვემზადებოდით ქორწილისთვის. საცოდავი, რა დღე გაუთენდა კუსას და ელისოს, აი ასეთი ქორწილი გადაიხადა გიგიმ“.
„ისე არ მინდა ხვალ იქ მისვლა… როგორ შევხედო მის მშობლებს, რა ვუთხრა, რით ვანუგეშო?“
ზარანდიების სახლთან სულ ორი ოჯახი გვაშორებდა ხობში. გიგის მშობლებთან ბავშვობიდან ვმეგობრობდით. ერთად გავიზარდეთ გურიფულში. ჩვენს თვალწინ შეუყვარდათ კუსას და ელისოს ერთმანეთი. გიგის დედა, ელისო და მისი და-ძმები პატარები იყვნენ როდესაც აფხაზეთის ომის დროს დაობლდნენ და ჩვენმა სოფელმა შეიფარა. სწორედ მაშინ იწყება კუსას და ელისოს სიყვარული. ბედნიერი ცოლქმრობა ჰქონდათ…
ორი წლის წინ გიგი სასწაულად გადაურჩა საგზაო შემთხვევას. მაშინ, თბილისში, ერთად ვლოცულობდით მისი გადარჩენისთვის. მთელი სამეგობრო და სოფელი ვგულშემატკივრობდით. ექიმები არანაირ იმედს არ იძლეოდნენ, მაგრამ გადარჩა… მთელი სოფელი ხარობდა… მთელი სოფელი…
„მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვისმეს განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს…
მტრისას მისი გამოცანა!…“ – წერს ლელა გულედანი სოციალურ ქსელში.
ხმამაღლა ფიქრი ეპიზოდიდან ეპიზოდამდე 5 მარტი, 2025 წელი სამსახურიდან მოვედი, ისევ სამსახურში მივდივარ. მთელი დღე ხობი,…
Posted by Lela Guledani on ოთხშაბათი, 05 მარტი, 2025