პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას ინიციატივას ოპოზიციური პარტიებით დაკომპლექტებულ თბილისის მთავრობაზე და აცხადებს, რომ ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია.
ამის მიუხედავად ვოლსკი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ეს ფარისევლური ნაბიჯია:
“ჩრდილოვან კაბინეტში ცუდი არაფერია და მსოფლიოში ამის გამოცდილება არსებობს, როცა ოპოზიციაში გადასული ჯგუფები საზოგადოებას წარუდგენენ ადამიანებს, ვინ შეიძლება, მართოს ესა თუ ის სფერო, თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან ფარისევლური ნაბიჯია, რომ პარტიები კვლავ იმ ფორმატში გააერთიანონ, რომელშიც იყვნენ და ამით ყურადღება მიიქციონ, თუნდაც, საერთაშორისო დონეზე.
იგივე ფანდი უნდათ ახლაც გამოიყენონ, რომ იქნებ, ამით მხარდამჭერები მოიზიდონ.” – თქვა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დაწყებული აქვთ კონსულტაციები, უახლოეს დღეებში მოიცავენ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოების წინაშე ერთიანი ჩრდილოვანი დედაქალაქის მთავრობით წარდგებიან.
დღესვე, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია და წარდგენა ხვალ გაიმართება.