წყალსადენის მაგისტრალის დაზიანების გამო დღეს საღამოს წყალმომარაგება შეუწყდება ჩუღურეთის, ისნის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ნაწილს.
როგორც “ფორტუნას” „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, წალსადენის ავარიული დაზიანება გამოიწვია წყალსადენის კომუნიკაციების მიმდებარედ სანიტარული ზონის დარღვევამ.
„დაზიანება ნაძალადევის რაიონში, ზიგზაგის მე-2 ქუჩაზეც დაფიქსირდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ეს ამ ტიპის დაზიანების უკვე მესამე შემთხვევაა. ამჯერად, ავარიულადაა დაზიანებული 900 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალდენი, რომელიც კერძო საცხოვრებელი სახლების ქვეშ არის მოქცეული. შენობა-ნაგებობების სამშენებლო ნორმების უგულებელყოფით დაშენებამ, დროთა განმავლობაში, მაგისტრალის დეფორმაცია და შედეგად, მისი დაზიანება გამოიწვია,“ განაცხადეს კომპანიაში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აღნიშნავენ, რომ ზიგზაგის მე-2 ქუჩაზე, წყალსადენის მაგისტრალზე წლების წინ დაშენებული საყოფაცხოვრებო ნაგებობები კომპანიას ურთულებს გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ნორმალურ პირობებში ჩატარებას.
„ადგილმდებარეობისა და ავარიის სირთულის გამო, კომპანიის ბრიგადებმა სამუშაოები მაგისტრალურ მილში შიგნიდან შეღწევით უნდა განახორციელონ. კომპანია გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას დღეს, საღამოს 8 საათიდან დაიწყებს. სამუშაოები, რომელიც მთელი ღამის მანძილზე გაგრძელდება, მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს. შესაბამისად, დღეს, 20:00 საათიდან ხვალ, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: • ჩუღურეთის, ისნის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ქუჩების ნაწილს,“ განაცხადეს კომპანიაში.
წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება ხვალ, დილის 9 საათიდან.