LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ არ გვეხება… სამუშაო საათები დასრულებულია” – 15 05-ის პასუხები ძალადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე

831

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, შეისწავლოს და გააუმჯობესოს ცხელი ხაზის მუშაობა, ასევე, უზრუნველყოს უფასო ნომრის ხელმისაწვდომობა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებული ბავშვზე ძალადობის ამსახველი ვიდეორგოლის შესახებ 2 შეტყობინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შევიდა. თუმცა, აღნიშნულ ფაქტზე ცხელი ხაზის ოპერატორები არასათანადოდ რეაგირებდნენ.

ჩვენ არ გვეხება, ჩვენი კომპეტენცია არ არის, ეს ჯანდაცვის სამინისტროა, რა ვიდეო დაიდება, როგორ გავაკონტროლებთ? ბევრი ვიდეო იდება და ჩვენ არც გვაქვს ამის კომპეტენცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ზე დარეკეთ“, – პასუხობს ოპერატორი პირველ შემთხვევაში, 3 იანვარს (21:47 წუთზე) განხორციელებულ შეტყობინებაზე.

ოპერატორი განმცხადებელს 112-ზე დარეკვას სთავაზობს, მაშინ, როცა თავად ოპერატორს აქვს მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებისა და შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულება. მაგალითად, ძალადობის ფაქტის შესწავლის მიზნით საქმეში სოციალური მუშაკის ჩართვა. აგრეთვე, უწყების მხრიდან შშს-თან დაკავშირება.

” ასევე, 3 იანვარს (21:52 წუთზე) ძალადობის ფაქტზე რეაგირების მოთხოვნაზე მეორე შეტყობინების ავტორს ოპერატორი პასუხობს:

„დღეს ვერავის ვერ მივაწვდი სამწუხაროდ, სამუშაო საათები დასრულებულია, დარეკეთ ხვალ დილას და დააფიქსირეთ (…) მე დღის მეორე ნახევარში მოვდივარ და ამიტომ გთხოვეთ, რომ ხვალ დილით დარეკეთ-თქო“.

როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სამინისტროს ცხელი ხაზი?

ციტატა: „სამინისტროს გაერთიანებული ცხელი ხაზი, რომელიც სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მიმართულებით შემოსულ საკითხებზე უზრუნველყოფს პასუხის დროულად გაცემას, რეაგირებას, გადამისამართებას და შესრულების უზრუნველყოფას, ასევე, შემოსული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზს. სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული ყველა ზარის შესახებ მონაცემების დამუშავება და ყოველდღიურ რეჟიმში მისი მიწოდება თანამდებობის პირებისათვის[1]“;

მიუხედავად აღნიშნული ვალდებულებისა, სამინისტროს ცხელი ხაზი არაეფექტურად რეაგირებს დარღვევების შესახებ შეტყობინებებზე!

ამასთან, სამინისტროს ცხელ ხაზზე მობილური ოპერატორებიდან დარეკვა ფასიანია გარდა აბონენტთა შეზღუდული ჯგუფისა. სამინისტროს ცხელი ხაზი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის!

იმის გასარკვევად, უფასოა თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი (1505), ჩვენმა ორგანიზაციამ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს 26 ოქტომბერს მიმართა. 31 ოქტომბერს მიღებულ საპასუხო წერილში სამინისტრომ მიუთითა, რომ ცხელი ხაზი არ არის კომერციული ნომერი, თუმცა, აღნიშნულ ნომერს ემსახურება კომპანია „სილქნეტი“ და შესაბამისად, „ნომერზე დარეკვის წესი და მომსახურების ტარიფი განისაზღვრება მობილური ოპერატორის მიერ „სილქნეტთან“ განსაზღვრული პირობებით“.

მომსახურების ტარიფისა და პირობების გასარკვევად PHR-მა კომპანია „სილქნეტს“ წერილობით მიმართა, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ასევე, წერილობით მივმართეთ კომპანიებს – „ახალი ქსელები“, „ჯეოსელი“, „ბილაინი“, „მაგთიკომი“ – იმის გასარკვევად, არის თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის, 1505-ის მომსახურება უფასო აღნიშნული კომპანიების სატელეფონო ქსელის მომხმარებლებისთვის. კომპანია „მაგთიკომის“ მიერ 28 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაციით: – „1505 დარეკვის შემთხვევაში, მაგთიკომის აბონენტებისთვის მოქმედებს ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის მიმართულებით დადგენილი საფასური. კონკრეტული საფასური დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის სატარიფო გეგმით სარგებლობს აბონენტი, რომელიც ახორციელებს ზარს“. როგორც აღნიშნული კომპანიის პასუხიდან ირკვევა, 1505-ზე დარეკვა ფასიანია.

როგორ მოიქცეს აბონენტი, რომელსაც დახმარება სჭირდება, მაგრამ ზარის განსახორციელებლად თანხა არ აქვს, ან თუ აქვს და რეკავს, მის ზარზე არაეფექტურად რეაგირებენ?!

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, შეისწავლოს და გააუმჯობესოს ცხელი ხაზის მუშაობა და უზრუნველყოს უფასო ნომრის ხელმისაწვდომობა,”- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g