LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერად, სრულფასოვნად ვიმუშავეთ და ძალიან კარგი პოპური გამოგვივიდა…“ – არჩილ ცანკაშვილი და აჩიკო ბერიძე პრემიერით „არ დაიდარდოში“

18
archili-da-achiko

20 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ არჩილ ცანკაშვილი და აჩიკო ბერიძე სტუმრობდნენ. გადაცემაში ნამუშევრის „სიმღერების პოპური“ პრემიერა შედგა.

როგორ ხართ, განწყობა როგორია?

არჩილ ცანკაშვილი: ამინდის მიუხედავად, კარგ განწყობას ვინარჩუნებთ.

აჩიკო, მონაწილეობას იღებდი პროექტში „მიმღერე“ , სადაც ანი კეკუასთან ერთად მღეროდი. როგორ მოხვდი ამ პროექტში?

აჩიკო ბერიძე: დამიკავშირდა დათო მაზანაშვილი, ჩვენი მაესტრო და ამ პროექტში მონაწილეობის მიღება შემომთავაზა, თუმცა პირველ ეტაპზე უარი ვუთხარი, რადგან როგორც მოგეხსენებათ, პროექტში ოჯახები იღებდნენ მონაწილეობას და ვიცოდი, ვერ დავითანხმებდი ოჯახის მომღერალ წევრებს, დედაჩემს და ბაბუაჩემს. დათო არ მომეშვა, იქნებ რაღაც მოვიფიქროთო. შემდეგ გამახსენდა ანი, მე და ანი ოჯახებით ვახლობლობთ და ბავშვობის მეგობრები ვართ. მონაწილეები ძალიან ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს, ერთმანეთის რეპეტიციებს ვესწრებოდით, ერთმანეთს ხარვეზებს ვუსწორებდით და ა.შ. ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „მიმღერეს“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ეს პროექტი ჩემთვის არ დამთავრებულა, რადგან ახლა ერთმანეთის ოჯახებში დავიწყეთ სიარული, თან დაგვყავს ბავშვები და ა.შ.

„ალილოს“ გეგმებზეც ვისაუბროთ…

აჩიკო ბერიძე: როგორც ყოველთვის, „ალილოს“ დიდი გეგმები აქვს. რამდენიმე სიმღერა გვაქვს შერჩეული, რომელთა ჩაწერასაც ვაპირებთ, თუმცა თავს შევიკავებ და წინასწარ არ დავაანონსებ. სხვათა შორის, გვინდა ისევ გავიმეოროთ ჩვენი სოლო კონცერტი, რადგან 2020 წელს ჩავატარეთ თუ არა კონცერტი, კოვიდმაც მოგვისწრო და შემდეგ ვეღარ გავაგრძელეთ.

არჩილ, ძალიან პოპულარული იყო ჯგუფი „ისინი“ და მინდა, ის პერიოდი გაიხსენო.  როგორც ვიცი, ჯგუფის რეპერტუარიდან ერთ-ერთი სიმღერის შესრულებას აპირებ.

არჩილ ცანკაშვილი: ეს იყო 90-იანების ბოლოს  და სიმართლე გითხრა, ძალიან ბუნდოვნად მახსოვს ის პერიოდი (იცინის). კი, ვაპირებ სიმღერის ჩაწერას, სიმღერას არ დავაანონსებ, თუმცა ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა „ისინის“ რეპერტუარში. მომავალი კვირიდან დავიწყებ სიმღერაზე მუშაობას. ჯერ არ ვიცი, მარტო ჩავწერ თუ დუეტის სახით. ვთანამშრომლობთ დავით უგრეხელიძის სტუდიასთან „უნივერსალი“ , ძალიან ავეწყვეთ მუსიკალურად, საინტერესოა მასთან მუშაობა.

ანუ საკმაოდ აქტიურად აპირებ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას…

კი, მქონდა გარკვეული პაუზა, დიდი ხანი არ ვიყავი საქართველოში, ახლა უკვე 2 წელია საქართველოში ვარ და აქტიურად ვმუშაობ.

დღეს გვაქვს თქვენი ერთობლივი სიმღერის პრემიერა. ვისაუბროთ თქვენს ერთობლივ ნამუშევარზე…

არჩილ ცანკაშვილი: „სიმღერების პოპური“ ასე ჰქვია ჩვენს ნამუშევარს. დიდი მადლობა ხათუნა ჯურხაძეს ამ პოპურისთვის. ჩვენ ძალიან ნაყოფიერად, სრულფასოვნად ვიმუშავეთ და ძალიან კარგი პოპური გამოგვივიდა.

აჩიკო ბერიძე: სანდრო სეფაშვილსაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ, სანდრო არის იდეის ავტორი.

თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

არჩილ ცანკაშვილი: 30 მაისს, 21:00 საათზე  სოლო კონცერტი მაქვს, რომელიც „De Flore“- ში გაიმართება.

 

არჩილ ცანკაშვილი & აჩიკო ბერიძე – საყვარელი სიმღერების პოპური

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

არჩილ ცანკაშვილი & აჩიკო ბერიძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები