კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა საავტომობილო ბიზნესი. შემცირდა როგორც შიდა რეალიზაცია, ასევე რეექსპორტიც. უფრო კონკრეტულად, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბაზარმა 2020 წელს 404 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 45%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ რეექსპორტიდან შემოსავალი 732 მილიონ დოლარზე მეტი იყო.
რა პრობლემები აქვთ ავტოიმპორტიორებს ამჟამად, რა მდგომარეობაშია ბიზნესი, რომლის ბრუნვაც ასობით მილიონი დოლარია?
“ბიზნესკურიერის”ეთერში საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ ავტოიმპორტი მთლიანად დამოკიდებულია რეექსპორტზე, პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა დიდი გავლენა იქონია ბიზნესზე. აქედან გამომდინარე, მათ არაერთხელ მიმართეს მთავრობას.
ამჯერად კი, 1000-ლარიანი ჯარიმების განულებას და განბაჟების ვადების 2021 წლამდე გადაწევას ითხოვენ.
“ჩვენ ეს შეღავათი გინდა იმისთვის, რომ გადავრჩეთ, ვიარსებოთ და მეტი თანხა შევიტანოთ ბიუჯეტში. ვითხოვთ 1000-ლარიანი ჯარიმების განულებას, ამასთან, პირველი მაისი შედეგ შემოყვანილი ავტომობილებისთვისაც განბაჟების ვადამ გადაიწიოს 2021 წლის ბოლომდე. ჩვენ ვიყავით ძალიან დიდი კონტრიბუტორი ბიუჯეტში და თუ ხელისუფლება არ დაგვიდგა გვერდით, ეს ბიზნესი ვერ გადარჩება,”-აღნიშნა დარბაისელმა.
ავტოიმპორტიორთა გაერთიანების თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ სამუშაო დღეები ბაზარზე შაბათი კვირაა და სწორედ ამ დღეებშია დაკეტილი ბაზრობა, რაც იმპორტიორებს ავტომობილების გაყიდვებში ხელს უშლის.