„ქართული ოცნების“ წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმრავლესობის ყველა წევრი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს, დანარჩენი კი უკვე პროკურატურისა და სასამართლოს პრეროგატივაა.
როგორც მიქანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ ადამიანი კანონმდებლობას არ დაემორჩილება, მის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
„არანაირი პოლიტიკური მოტივი აქ არ არის. პარტიის თავმჯდომარეა, თუ რიგითი მოქალაქეა ვალდებულია, კანონმდებლობას დაემორჩილოს. შესაბამისად, თუ ადამიანი კანონმდებლობას არ ემორჩილება, ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება. მეც და უმრავლესობის ყველა წევრიც ერთიან გუნდად ერთხმად, იმუნიტეტის მოხსნას მხარს დავუჭერთ. სასამართლოს პრეროგატივაზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ იმუნიტეტის საკითხს ვიხილავთ.დანარჩენი უკვე პროკურატურისა და სასამართლოს პრეროგატივაა.
მას რომ გასული წლის ნოემბრის დასაწყისში, დემონსტრაციულად სამაჯური არ მოეხსნა, ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდებოდა. ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, რომ ადამიანი, როდესაც კანონს არღვევს მის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს,” – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.
გენერალური პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ, აღკვეთის ღონისძიების – გირაოს, უფრო მკაცრი ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს 12 თებერვალს მიმართა.