უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მტრის თავდასხმის ადგილებიდან ფოტო და ვიდეომასალის გავრცელება შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს, უცხოელი ჟურნალისტების შემთხვევაში, ჯაშუშობის, ხოლო უკრაინელების შემთხვევაში, სამშობლოს ღალატის მუხლით.
უწყება ჟურნალისტებს აფრთხილებს, არ გაავრცელონ რუსული ავიადარტყმების შედეგების შესახებ ინფორმაცია.
ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ლვოვის ოლქის წარმომადგენელმა როკსოლანა იავორსკაიამ ისაუბრა.
მისი განცხადებით, როდესაც ჟურნალისტები ავრცელებენ ცნობებს, საიდან მოფრინავს რაკეტა და რა სამიზნეს ხვდება, ისინი ეხმარებიან მტერს ცეცხლის კორექტირებაში.
„ჩვენ გვყავს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება, თქვენი პუბლიკაციების გამო დაიღუპონ“, – განაცხადა როკსოლანა იავორსკაიამ.
მედიის ცნობით, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სამხედრო ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავს. კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, იკრძალება უკრაინელი სამხედროების გადაადგილების, სარაკეტო დარტყმების ადგილების, ქუჩების სახელწოდების, ტრანსპორტის გაჩერების, მაღაზიების, ქარხნების და სხვა სამოქალაქო თუ სამხედრო ობიექტების ფოტო ან ვიდეო გადაღება. ამავე განკარგულებით, იკრძალება უცხოელი პარტნიორების სამხედრო დახმარების გადაადგილების გადაღება.
აკრძალვის დამრღვევ პირს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.