LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს” – გაძვირებული საწვავი, პროდუქტი და გაუფასურებული ლარი

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება დღეს 2 ლარი და 74 თეთრია. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი, ერთი დოლარის შეძენა 2 ლარად და 75 თეთრად არის შესაძლებელი. თუმცა, ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის კარგი და ექსპორტი იზრდება. გიორგი ქობულიას თქმით, ეს აისახება ლარის კურსზე და ეროვნული ვალუტა წლის ბოლომდე სტაბილური გახდება.

„ვფიქრობ, რომ ეკონომიკა უფრო გაძლიერდება. ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით. ჩვენი ეროვნული ბანკის სტრატეგია არის საღი და მართებული. ზოგადად, საახალწლოდ ლარის კურსის ტენდენცია არის მიმართული უფრო გაძლიერებისკენ, რადგან ჩვენ საახალწლოდ გვაქვს ტურისტების დიდი მოზიდულობა, იქნება ტურისტული სეზონები და აქცენტი მიმართულია ლარის გაძვირებისკენ. ექსპორტის ციფრები უფრო მაღალია, ვიდრე იმპორტის. არის მოსალოდნელი ლარის გამყარება,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ არჩევნები ყოველთვის უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბიზნესზე და კონკრეტულად ლარის კურსზე, რადგან დეპუტატ აკაკი ზოიძის შეფასებით, „ჩნდება ხოლმე არასტაბილურობის ან სხვა ტიპის შეგრძნება“. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კი, ოპოზიცია მთავრობას საბიუჯეტო ხარჯების შემცირების  რეკომენდაციებით მიმართავს.

გარდა ლარის გაუფასურებისა, ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი კვლავ გაძვირდა – ფასები 2-7 თეთრით არის დაკორექტირებული. ფასის მატება ფაქტობრივად ყველა ბრენდირებულ სადგურს შეეხო. 6 ნოემბრის მდგომარეობით, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.59 ლარია, მაშინ როცა 11 ოქტომბრის მდგომარეობით, მისი ფასი 2.57 ლარი იყო; 11 ოქტომბერთან შედარებით, 2 თეთრით არის გაძვირებული „G-Force ევრო რეგულარი“ და 2.49 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი 2.41 ლარიდან 2.43 ლარამდე გაიზარდა; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.69 ლარია, მაშინ როცა 11 ოქტომბრის მდგომარეობით, 2.63 ლარი ღირდა. რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 5-5 თეთრით არ გაზრდილი და შესაბამისად, 2.59 და 2.67 ლარი ღირს.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა, სწორედ არჩევნები იყოს. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი მიზეზი – ლარს მანამდეც ჰქონდა გარკვეული არასტაბილურობა. რამაზ გერლიანის აზრით, ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი, მაინც შეიძლება იყოს დისბალანსი გაცვლით კურსში – ის, რომ დოლარზე უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა. გიორგი პაპავა კი, „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ზოგადად, არჩევნების დროს იცვლება მოლოდინები, კერძო სექტორი შეიძლება იყოს გაურკვევლობაში, იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკური გარემო იქნება ქვეყანაში და შესაბამისად, ეს გაურკვევლობა შეიძლება, ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ლარის კურსზე.

ეკონომისტები იმასაც ამბობენ, რომ მხოლოდ ტურისტების მოზიდულობის იმედად არ შეიძლება იმ მოლოდინების გაჟღერებაც კი, რომ ლარი დასტაბილურდება.

„ეს მოხდება იმ შემთხვევაში, როცა ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო სწორ პოლიტიკას გაატარებს. ლარიზაციას არაფერი ისე არ წყენს, როგორც ლარისადმი ნდობის დაკარგვა. ეკონომიკის მინისტრის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან ცუდია, ვინაიდან ასეთი ტიპის განცხადება, მითუმეტეს, ხელისუფალის მხრიდან, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს სამწუხაროდ, იმიტომ ხდება, რომ ნაკლები ეკონომიკური განათლება აქვთ და უფრო სხვა კუთხიდან უყურებენ. ეკონომიკური განათლების მქონე პირები ასეთი ტიპის განცხადებებს არ გააკეთებენ, მათ შორის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით,“ – განუცხადა „ფორტუნას“ რამაზ გერლიანმა.

გერლიანის თქმით, ერთ-ერთი გრძელვადიანი პოლიტიკა იქნება, თუ სახელმწიფოს ხელში არსებულ დამატებით მატერიალურ რესურსებს ჩართავენ ბრუნვაში, საუბარია იმ უზარმაზარ აქტივებზე, რომელიც სახელმწიფოს აქვს. ხოლო თუკი ეს არც ეროვნულ ბანკს და არც სამთავრობო სტრუქტურებს შეუძლიათ, ყველაზე კარგი და სწორი გამოსავალი, მისი თქმით, არის ლარის კურსის ფიქსირება.

გიორგი პაპავას თქმით, ქვეყანაში რომ იყოს იმის მოლოდინი, რომ ახალ წლამდე ლარი მნიშვნელოვნად დასტაბილურდება, ეს მოლოდინი გარკვეულწილად დღესვე აისახებოდა ლარზე.

„შესაბამისად, როცა ვხედავთ, რომ ლარი აგრძელებს გაუფასურებას, ეს ნიშნავს იმას, რომ რაიმე პოზიტიური მოლოდინები ამ ეტაპზე ეკონომიკაში არ არსებობს. როცა ჩვენ ვუყურებთ კურსს, ის არ არის ერთი დღის ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი, ის არის ასევე, მოლოდინების ამსახველი. არჩევნების გამო იქნება ეს თუ სხვა მიზეზით, როგორც ჩანს, მოლოდინები არის გაუარესებული. ეკონომიკაში არის ასე თუ ისე გაურკვევლობა და ეს აისახება ლარის კურსზე,“ – ამბობს პაპავა.

 

საქართველოს მოსახლეობა შემოსავლის ნახევარს საკვებში ხარჯავს

 

“საქსტატის” მიერ მომზადებული ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის 41.4%-ს საკვების შეძენაზე ხარჯავს. შესაბამისად, სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ხარჯის დასაფარად, როგორებიცაა: განათლება, ტრანსპორტი, ტანსაცმელი, გართობა, სხვა პროდუქტების შეძენა და მომსახურება, ხალხს საკუთარი ბიუჯეტიდან 58.6% რჩება.

როგორც წესი, სურსათზე პროპორციულად შემოსავლის ყველაზე მეტ წილს ღარიბ ქვეყნებში ხარჯავენ. “საქსტატის” კვლევით კი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოშიც ანალოგიური სიტუაციაა. თუმცა, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგშია. მთლიან დანახარჯებში საკვების წილის მიხედვით კი, საქართველო უფრო მეტად ღარიბი ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უღარიბესი ქვეყნების ჯგუფში შინამეურნეობის მთლიან ხარჯებში საკვების წილი 53.9%-ს შეადგენს, ღარიბ ქვეყნებში – 42%-ს, საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში – 34%-ს, მდიდარ ქვეყნებში კი – 20%ს.

ეკონომისტები ამ ფაქტორს ნაწილობრივ ლარის გაუფასურებით ხსნიან. როცა ქვეყანაში შემოსავლები არის დაბალი, ლოგიკურია, რომ მისი დიდი წილი საბიუჯეტო შეზღუდვიდან გამომდინარე, იხარჯება პირველადი მოხმარების და საჭიროების საქონელზე, მათ შორის პროდუქტებზე, რომელიც მთავარია ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ მოქალაქეებს შემოსავლები აქვთ დაბალი.

რამაზ გერლიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია მაღალ ნიშნულზე არ არის, ლარის კურსის გაუარესება იგივენაირად აზარალებს მოქალაქეებს, როგორც ინფლაცია. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურებულია, ქვეყანაში არ არის მაღალი ინფლაცია. ანუ არ ძვირდება სურსათი იმ პროცენტით, რა პროცენტითაც ბოლო პერიოდში უფასურდება ლარი. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ სურსათის ფასები არ არის დამოკიდებული მხოლოდ ლარის კურსზე, დამოკიდებულია ასევე იმ ქვეყნების გაცვლით კურსზე, საიდანაც ქვეყანა სურსათის იმპორტს ახორციელებს.

 

თათია კაკიაშვილი

 

mazda magti 5g